ადამიანის შემადგენლობისა და სტრუქტურის შესახებ

კაცობრიობის მიერ შექმნილი კულტურა ცხადყოფს, რომ ადამიანი ყოველთვის მიისწრაფოდა ბედნიერი ცხოვრებისაკენ და მუდმივად ეძებდა მისი მიღწევის გზებს. ,,კალაგია“ და საღმრთო წერილები გვასწავლის, რომ ადამიანის ბედნიერი ცხოვრების წინაპირობა – მისი სულიერი წინსვლაა. მაგრამ, როგორი ცხოვრებით უნდა მივაღწიოთ ამას, რანაირი მოქმედებებით და რა საშუალებებით? ეს რომ კარგად გავიგოთ და სათანადოდ ვიმოქმედოთ, ამისათვის პირველ რიგში ალბათ საჭირო იქნება ვეცადოთ შევიძინოთ ცოდნა ჩვენი შემადგენლობისა და სტრუქტურის , ჩვენში არსებული ყველა მნიშვნელოვანი რგოლის ფუნქციისა და შესაძლებლობების შესახებ და შეგვეძლოს მათი სწორი გამოყენება.

ბიბლიაში ნათქვამია: „ …შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი“(დაბად. 27). მაგრამ ადამიანისთვის ადვილი არ არის შეიცნოს ღმერთი, რათა მასთან ანალოგიით შეიცნოს თავი თვისი. თუმცა ბიბლიაში ესეც წერია : „არ არსებობს დაფარული, რომ არ გამოჩნდეს და არც რა საიდუმლო, რომ არ გამჟღავნდეს“.(მათ. 10.26) ამგვარად, ადამიანს უკიდურესად ესაჭიროება ცოდნა თავის შესახებ, რადგან არცოდნა ხშირად ხდება სავალალო შედეგის მომტანი , უარყოფითად აისახება მის ბედისწერაზე. ამიტომ არ იყო შემთხვევითი, რომ უკვე ძველთაძველი დროის სიღრმეში ხელდასმულთა, ბრძენთა და ქურუმთა წრეში გაჩნდა მოწოდება: ,,შეიცანი თავი შენი და შეიცნობ ღმერთს“. მაგრამ შეუძლია კი თუნდაც ადამიანის ტვინს, მიუხედავად თავისი სასწაულთან მიახლოვებული სრულყოფილებისა, სრულად შეისწავლოს თუნდაც თავისი თავი?

მეცნიერები აღიარებენ, რომ იგი არ ექვემდებარება ამომწურავ შესწავლას. თავის ტვინის ფუნქციები და მისი ინტეგრალური მოქმედების შიდა მექანიზმები ჯერ არ არის ბოლომდე გამორკვეული. რაღა უნდა ითქვას იმ მრავალ სისტემაზე, წარმონაქმნზე, არხსა და მერიდიანზე, გამოსხივების წყაროსა და მიმღებზე, იმ  ცეცხლოვან ცენტრებსა და სტრუქტურებზე, რომლებიც განუწყვეტლივ მოქმედებენ ადამიანში, მის უხილავ წმინდამატერიალურ სხეულებში. შესაძლებელია კი, რომ ადამიანმა შეაღწიოს მათი ფუნქციონირების, ურთიერთქმედების საიდუმლოებებში, იდუმალებით მოცულ მოვლენებში, რომლებიც ალბათ მხოლოდ ნაწილობრივ შეიძლება აღიწეროს თანამედროვე ფიზიკის ურთულესი თეორიებით ( ველების კვანტური თეორიით, ტალღური ველების და ტალღური პროცესების თეორიებით, ზემაღალი სიხშირის ელექტრომაგნიტური გამოსხივების თეორიით და სხვა)? შესაძლებელია ისინი შეისწავლოს და აღწეროს მეცნიერებამ ახლო მომავალში, როდესაც ადამიანი შეძლებს შექმნას სულიერი ხელსაწყოები და ახალი, ჯერ არარსებული თეორიები.

ჯერ კიდევ მეფე დავითი ( XI ს. ჩ.წ.ა) საუბრობდა ადამიანის მოწყობის საოცრებაზე: ,,გადიდებ შენ იმისათვის, რომ მე საოცრად ვარ მოწყობილი, საოცარია შენი საქმეები და ჩემი სული სრულად აცნობიერებს ამას (ფსალმ.138,14).  ცოდნა ადამიანის სხეულის რთულ შემადგენლობაზე არსებობდა უკვე ძველ საუკუნეებში. იგი გადაეცემოდა მასწავლებლისგან მოსწავლეს ზეპირსიტყვიერებით, მოგვიანებით კი ასახვა ჰპოვა ძველი აღმოსავლეთის რელიგიურ- ფილოსოფიურ ნაწარმოებებში. ეს ცოდნა დიდხანს იმყოფებოდა საიდუმლო, დაფარული ცოდნის სტატუსში, თუმცა ცივილიზაციისა და კულტურის განვითარებასთან ერთად იგი უფრო ხელმისაწვდომი გახდა ადამიანების ფართო წრისათვის, რომელიც დაინტერესებული იყო ადამიანისა და სამყაროს შესახებ თავისი ცოდნის გაფართოებით და გაღრმავებით.

არსებული ცნობების შევსება ახალი ცოდნით შესაძლებელია ხდებოდა ინტროსპექტიული ხედვის მქონე ინდივიდების   მეშვეობით, რომელთა გარკვეული რაოდენობა ყოველთვის ცხოვრობდა დედამიწაზე , კერძოდ იმ დროიდან, როცა ადამიანმა შეიძინა ცნობიერება და გახდა მოაზროვნე არსება.

ადამიანის მიერ ჭეშმარიტების სწავლის პროცესში უმაღლესი არსებების ჩარევის ფაქტი სულ უფრო აშკარა ხდება. ძნელია დარწმუნებით იმის თქმა, რომ ჩვენ როდისმე შევძლებდით დამოუკიდებლად ჩვენი თავის შემეცნებას ცოდნის იმ ხარისხითაც, რომელსაც დღეს ვფლობთ, თუ არა სხვა სამყაროს ინდივიდებისგან გამოწვდილი დახმარების ხელი,რომლის მეშვეობით სულიერად განვითარებული ადამიანები იღებდნენ გარკვეულ ინფორმაციას მათი სხეულის სულიერ შემადგენლობაზე  და  თავიანთი უნარებისა და საშუალებების შესახებ.

ოკულტურ ლიტერატურაში დაფიქსირებული და შენახულია უამრავი შემთხვევა, როდესაც ადამიანის ცნობიერებამ გაარღვია ტრანსფიზიკური სივრცე და შეიჭრა მის სიღრმეებში. ხშირად უხილავი რეალობა თვითონ შემოიჭრებოდა ადამიანის ცნობიერებაში და ტოვებდა იქ თავის ღრმა ნაკვალევს. ადამიანი იღებდა ეგრეთწოდებულ ,,რელიგიურ გამოცდილებას“, რომელიც ეხმარებოდა მას განვითარების სწორ გზაზე დადგომასა და მთელი შემდგომი ცხოვრების მანძილზე მასზე დამაჯერებელ სვლაში.

თანამედროვე სამეცნიერო სამყარომ უკვე დაიწყო ზემოთ მოყვანილი ფაქტების რეალობად აღიარება. სხვა სამყაროებიდან ინფორმაციის მიღების შემთხვევებს, რომლებიც აუწყებს კაცობრიობას წარსულში მომხდარი ან მომავალში მოსალოდნელი მოვლენების, სამყაროს საიდუმლოებების შესახებ, მეცნიერები უწოდებენ ადამიანის ,,ცნობიერების გასვლას მსოფლიო მონაცემთა ბანკში ან ინფორმაციულ ველში“.

არსებობს აგრეთვე აზრი, რომ დედამიწაზე სამეცნიერო სამყაროში შემუშავებული ყველა დიდი იდეა და თეორია გაჩნდა არა მეცნიერთა მკაცრი ლოგიკურ-განსჯითი მოღვაწეობის, არამედ ზეშთაგონების, ინტუიციის, გონების გაბრწყინებისა და წინასწარი ჭვრეტის გზით.

დიდად სამწუხაროა, რომ პირადი გამოცდილების არქონის გამო, რწმუნებანი ჭეშმარიტების დადგენის ზემოთ ჩამოთვლილი გზების შესახებ  აღიქმება უნდობლად და უარყობითი წინასწარ განწყობით. ამ მიზეზით კაცობრიობის უმეტესი ნაწილი არ აღიარებს ბუნებაში სიღრმისეული მოვლენებისა და სამყაროს ფარული კანონების არსებობას.

და მაინც, ბევრ გონიერ და სულიერად განვითარებულ ადამიანს არ ეპარება ეჭვი იმ აზრის სისწორეში, რომ ადამიანის ცნობიერების გაფართოება სამყაროსა და მასში მოქმედ კანონებზე, ადამიანზე, მისი ცხოვრების ძირითად დანიშნულებაზე, სამყაროს ხილულ და უხილავ ბინადართა შესახებ, უკიდურესად აუცილებელია კაცობრიობის კულტურის შემდგომი პროგრესის,მისი გასულიერებისა და დედამიწაზე ცივილიზაციის შენარჩუნებისათვის.

მრავალი საუკუნეების მანძილზე კაცობრიობის სულიერად და გონებრივად განვითარებული ნაწილის გულმოდგინე მცდელობით, რათა ჩაწვდეს ჭეშმარიტ ცოდნას ადამიანის შესახებ და უმაღლესი სამყაროების არაერთგზისი დახმარებისა (სამყაროს საიდუმლოებათა ეტაპობრივი გახსნით), მიღწეულ იქნა ის შედეგი, რომ ადამიანმა დღეს უკვე იცის ბევრი რამ თავის შემადგენლობისა და სასწაულებრივი უნარების შესახებ. იცის, რომ გარდა თავისი ხილული მყარი სხეულისა (რომელიც მეცნიერებმა საკმაო წარმატებით შეისწავლეს), მასში არსებობენ რიგი წმინდამატერიალური და სულიერი სხეულები ან „პრინციპები“, როგორც მათ მახატმები უწოდებენ. მათ გააჩნიათ ურთიერთკავშირთა სპეციფიკური თვისებები, მრავალსახეობრივი ფუნქციები და მოქმედების პროგრამები.

ადამიანი – დედამიწის მკვიდრი – ურთულესი, გენიალურად მოწყობილი არსებაა, რომელსაც გააჩნია ფაქიზად და გონივრულად მოფიქრებული მრავალრიცხოვანი და მრავალნაირი საკრალური ორგაოების იერარქია თავის მვრივ სხეულში: ლოგოსი, მონადა, ღვთიური არსი, წმინდამატერიალური სხეულები, საქმიანი შემოქმედი სხივების და ენერგეტიკული ველების გენერატორები, მიმღებები და გადამცემლები და კიდევ ბევრი სხვა რამ, რაც მეცნიერებას ჯერ შესწავლილი არა აქვს.

მასში ბევრია უმნიშნელოვანესი ენერგეტიკული ცენტრები, არხები, მერიდიანები და ქსელები. ყველა მათგანი ასრულებს მნიშვნელოვან საქმეს – აკისრია მნიშვნელოვანი როლი ადამიანის ცხოვრებასა  და შემოქმედებაში. პროცესები, რომლებიც მიმდინარეობს თვითოეულ მათგანში, ექვემდებარება გარკვეულ, მხოლოდ მათთვის დამახასიათებელ კანონზომიერებას. მრავალსახოვანია მათი მოქმედება და გააზრებულია ამ მოქმედების შედეგები.

ყველამ კარგად უნდა გაიაზროს ის ფაქტი,  რომ დედამიწაზე, ცივილიზირებულ და პროგრესირებულ საზოგადოებაში დიდად დაფასებული ვერცერთი ადამიანის მიერ შექმნილი შედევრი ვერ შეედრება უმაღლესი  შემოქმედის მიერ შექმნილ საოცრებებს. ასეთ საოცრებას წარმოადგენს პირველ რიგში „ბუნების გვირგვინი“ – ადამიანი.

ეზოთერულ ლიტერატურაში არაერთხელ გამოქვეყნდა საინტერესო ცნობები ადამიანის საკრალური შემადგენლობის, მისი უნარების და შესაძლებლობების შესახებ, მაგრამ ოაიციალურმა მეცნიერებამ ვერ მიიღო ისინი, როგორც სინამდვილის ამსახველი ფაქტები, თავისი წამყვანი პრინციპების გამო  ( რადგან მათი ჭეშმარიტება ექსპერიმენტებით ვერ დასტურდებოდა).

მეცნიერებამ, თავისი ბრწყინვალე მიღწევებით კვლევების მრავალ დარგში, დიდი პროგრესით ტექნიკაში და ცივილიპაციის განვითარებაში, მოიპოვა დიდი ავტორიტეტი და ნდობა დედამიწის მოსახლეობაში. ამიტომ, მის მიერ არ აღიარებულმა ეზოთერულმა ცოდნამ ადამიანის შესახებ არ ჰპოვა საკმარისად ფართო გავრცელება, თუმცა ეს ცოდნა იყო და არის დიდათ  მნიშვნელოვანი ადამიანისათვის, მის სულიერ ზრდისათვის. როგორც აქ უკვე არაერთხელ აღინიშნა, ადამიანის ინდივიდუალური განვითარება და სულიერი სრულყოფა  არის უკვდავების და მარადიული  ცხოვრების მიღწევის უტყუარი გარანტი.

ყველა დროსა და ეპოქაში რელიგიის მცოდნენი და ეკლესიის ჭეშმარიტი მსახურნი მოუწოდებდნენ ადამიანებს უმაღლესი შემოქმედის და ღვთიური ძალების  მიმართ პირადი რწმენის გაძლიერებისაკენ, რელიგიურ სწავლებებში და საღმრთო წერილებში არსებული საკრალური ცოდნის ათვისებისაკენ, იქ მოყვანილი ცხოვრების წესებით ცხოვრებისაკენ.

ბუნებრივია, რომ მათი ეს მცდელობები ხელს უწყობდა ადამიანებში სისასტიკის და მათ მიერ ისეთი საქციელის ჩადენის რაოდენობის შემცირებას, რომელიც მომაკვდინებელია პიროვნების სამშვინველისათვის. ადამიანების მიერ  ერთმანეთის და სხვა ცოცხალი არსებების მიმართ ჩადენილი ბოროტებების რაოდენობა კლებულობდა. მაგრამ, როგორც „კალაგია“ გვასწავლის, ადამიანში რწმენის არსებობა – ეს მისი არსის განვითარების, მისი სიღრმისეული საკრალური შემადგენლობის, მხოლოდ ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია, რომელიც ხელს უწყობს მას, რათა მიხვდეს რომ ჰარმონიული თანაარსებობა საზოგადეობის ხვა წევრებთან და მთელ ცოცხალ ბუნებასთან, მისწრაფება უმაღლეს შემოქმედთან  სულიერ გაერთიანებისაკენ, აუცილებელია ადამიანისათვის.

„კალაგიაში“ აგრეთვე მითითებულია იმაზე, რომ ფრიად სასურველია ადამიანში ერთდროულად არსებობდეს მაქსიმალურად განვითარებული კოსმიური ენერგიის შვიდი ასპექტი – ე. წ. „ცეცხლის ენა“: იმედი, რწმენა, სიყვარული, სიხარული,  მისწრაფება, ცოდნა და მოქმედება.

ისინი სჭირდება ადამიანს, რათა მას გაჩნდეს უნარი, შეძლოს და გადალახოს ცხოვრების გზაზე შემხვედრი ყველა დაბრკოლება, ისე, რომ არ დაარღვიოს მსოფლიო ს კანონები – თავისი მოქმედებებით არ შეუწყოს ხელი რთული სიტუაციების წარმოშობას ან  გამწვავებას, რომლებსაც მივყავართ ტრაგედიამდე, კატასტროფამდე და დიდი რაოდენობით ადამიანების ან სხვა ცოცხალი არსებების დაღუპვამდე – დედამიწაზე  ბოროტების რაოდენობის ზრდამდე.

ყველაფერ ზემოთ ნათქვამიდან ბუნებრივად და ლოგიკურად გამომდინარეობს ის დასკვნა, რომ დედამიწის მოსახლეობის დიდ ნაწილში საკუთარი თავის და სამყაროს შესახებ ადამიანისთვის დიდად საჭირო ცოდნის უკმარისობა –  ეს ის ფაქტორია, რომელსაც მივყავართ ძალიან ცუდ შედეგამდე ჩვენი პლანეტის მოსახლეობისთვის.

როგორც ჩანს, საჭირო ცოდნა არასაკმარისი ინტენსიურობით მიეწოდებოდა ადამიანთა მასას და ამიტომ ბოროტების რაოდენობა დედამიწაზე საგრძნობლად პროგრესირებს. როდესაც ჩვენ მივაღწევთ ფიზიკურ და გონივრულ განვითარების ზენიტს, მაგრამ არ გვექნება არავითარი საშუალება, რათა ავმაღლდეთ სულიერი ზრდის ჩვენს ციკლში, ჩვენი პროგრესი ბოროტების მიმართულებით შეჩერებული იქნება ისევე, როგორც ჩვენი წინაპრები – ლემურიელები და ატლანტები იყვნენ შეჩერებული თავის ამდაგვარ პროგრესში, დედამიწაზე საშინელი კატაკლიზმური ცვლილებებით.

ბუნებაში არსებობს  სამგვარი (სულიერი, გონებრივი და ფიზიკური)  ევოლუციის პროგრამა და იგი უთუოდ უნდა იყოს განხორციელებული. გამოსავალი ზნეობრივ – ეკოლოგიური კრიზისიდან, რომელიც კაცობრიობას დაღუპვით ემუქრება, არსებობს. აღნიშნულ მდგომარეობიდან გამოსვლის ერთ – ერთი უტყუარი გზაა – დაჩქარებული ტემპით ადამიანის ცნობიერების სრულყოფა, ცხოვრების მომხმარებლური ორიენტირების სულიერით შეცვლა და ყოფიერებაში ზნეობრივი კანონების დაცვა.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ ცნობიერების გაფართოებისა და გამთლიანებისაკენ მისწრაფება ყველა ადამიანის უპირველეს ამოცანათ უნდა იქცეს. ეს კი შეუძლებელია ჩვეს ახლობელ გარემოს, აგრეთვე შორეული სივრცეების, უხილავი სამყაროების, და საკუთარი საკრალური შემადგენლობის შესახებ ცოდნის გაფართოების და ადამიანის მთელი მატერიალური ნაწილის გასულიერების გარეშე.

ადამიანი დიდი ენერგიების მფლობელია. უდიდესია მათი გავლენა დედამიწაზე და კოსმოსში მიმდინარე პროცესებზე. აბსოლუტურად დაუშვებელია ამ ენერგიების გამოყენება გარემოს საზარალოდ, რადგან ამას მივყავართ დედამიწაზე და მთელ სამყაროში ბოროტების რაოდენობის ზრდისაკენ, მის სწრაფ პროგრესისაკენ. ამიტომ ყველა  საღად მოაზროვნე ადამიანის ვალია მოინდომოს, ეცადოს და შეძლოს თავისი ცოდნის გაფართოება სამყაროების, მათში არსებული ძალების და ენერგიების, მათი განუსაზღვრელი უნარების და შესაძლებლობების შესახებ. აუცილებელია რათა ადამიანის მიერ შეძენილი ცოდნა იყოს ჭეშმარიტი,  რადგან მხოლოდ  იგი წარმოადგენს ადამიანის სწორი მოქმედების (რომელიც ანვითარებს მის ინდივიდუალობას) გარანტს.

(გაგრძელება იქნება)

ოფელია ლომაია

მეცნიერება და ჭეშმარიტება.

მეცნიერების წარმოშობასა და განვითარებას ხშირად უკავშირებენ ადამიანთა ყოფიერებას, საზოგადოებრივ პრაქტიკას, წარმოებას. მაგრამ, მეცნიერების სიძლიერე იმით გამოიხატება, რომ იგი პასუხობს გონებისა და სულის მოთხოვნილებას, რადგან რეალური სინამდვილის, ცხოვრების საზრისისა და მიზნის შემეცნებისადმი სწრაფვა ადამიანის თანდაყოლილ თვისებას წარმოადგენს.

კაცობრიობამ თავისი ხანგრძლივი განვითარების მანძილზე ბუნებისა და სამყაროს აგებულების არაერთი მეცნიერული და რელიგიური ახსნა შეძლო და შექმნა მრავალდარგობრივი მეცნიერება, რომლის ჩამოყალიბების საწყის ეტაპზე მრავალმხრივი დაკვირვებები ტარდებოდა. გროვდებოდა ფაქტები, ცოდნა. დადგინდა ბუნებაში მოქმედი მრავალი კანონი და კავშირები.

XX საუკუნის დასაწყისში მოხდა მეცნიერების განსაკუთრებით მიზანმისწრაფული განვითარება. შეიქმნა კვანტური მექანიკა, ფარდობითობის თეორია, კოსმოსურ სივრცეში რაკეტების მოძრაობის თეორია, აღმოცენდა ევოლუციის პრინციპების იდეები, განვითარდა კიბერნეტიკა, გენეტიკა. მეცნიერების ყველა ამ და ბევრ სხვა მიღწევასთან ერთად, რამაც ტექნიკისა და ცივილიზაციის არნახული განვითარება გამოიწვია, ცხადი გახდა, რომ ადამიანმა ვერ შეძლო ღრმად ჩასწვდომოდა ბუნების მრავალ საიდუმლოებას. ამისათვის ის ხსუთი სენსორული გრძნობა (გაძლიერებული ტექნიკური საშუალებებით) და აზროვნების უნარი, რომლებსაც მეცნიერება იყენებს, არასაკმარისი აღმოჩნდა.

რელიგიური მსოფლმხედველობა და ოკულტური მოძღვრება, რომლებიც კლასიკური მეცნიერების პარალელურად ვითარდებოდა, აღიარებდნენ ფარული ძალების, კავშირებისა და ენერგიების არსებობას ბუნებაში, კოსმოსსა და ადამიანში. ეს მოძღვრებანი „ხედვის“ განვითარებული უნარის მქონე პირებისათვის ადვილად მისაწვდომი იყო. ინტუიცია (მეექვსე გრძნობა) – ჭეშმარიტების „სულიერი თვალით“ მყისიერი წვდომის თვისება, ხედვით სისტემაში წამყვან როლს ასრულებს.

აღმოჩნდა, რომ ხუთი სენსორული გრძნობით შემეცნებული სამყარო სრულიად განსხვავდებოდა მეექვსე გრძნობით დანახულისაგან. რწმენა და რელიგია ხელს უწყობენ ადამიანს სულიერი ხედვის განვითარებაში. ზნეობა, რომელსაც რელიგია ქადაგებს, ძალას აძლევს სუბიექტს წინ აღუდგეს ჰარმონიის დარღვევას მის საკუთარ ენერგეტიკულ ველში. ეს უკანასკნელი კი განაპირობებს ადამიანის სულიერ ზრდას, ცნობიერების გამთლიანებას და ხედვის უნარის შეძენას.

„კაცობრიობის გზა ზნეობისაკენ რეკიგიისა და მეცნიერების ერთობაზე გადის“, ამბობდა ჯერ კიდევ XIX საუკუნეში ინდოელი მოაზროვნე ჰუმანისტი ს.ვივეკანანდა. ამავე პერიოდში ფრანგი ფილოსოფოსი ა. ბერგსონი ინტუიციას მიიჩნევს როგორც გონებაჭვრეტითი შემეცნების ფორმას. იგი წარმოქმნის შემეცნების დანაწევრებულ შედეგებს, რომლებიც შემდგომ გონებით განზოგადებას საჭიროებს.

ამიტომ მეცნიერება და ინტუიციური მეტაფიზიკა განიხილება როგორც ერთიანი მეცნიერების ორი ნაწილი. საქმე უკვე მაშინ შემეცნების ორი გზის სინთეზისაკენ იყო მიმართული. ბუნებრივია, მეცნიერებისა, რელიგიისა და ოკულტურ მოძღვრებათა მრავალი წარმომადგენლის მოწოდება ძალთა შეერთებისაკენ, რათა უფრო სრულად ყოფილიყო შესწავლილი ჭეშმარიტება.

კანტმა შემოიღო ცნება რეალობის ორი (ფენომენური და ნოუმენური) დონის შესახებ. ნოუმენური სამყარო არის ტრანსცენდენტური და სულიერ სამყაროს შეესაბამება. ნოუმენში მიმდინარეობს ადამიანის გონებისათვის აბსოლუტურად მიუწვდომელი პროცესები.  ე.ბლავატსკაიას აზრით მეცნიერება ისევეა მკვდარი სულიერი სამყაროს შესწავლის გარეშე, როგორც ადამიანის სხეული უსულოდ.

„რელიგიური რწმენასა და მეცნიერებას შორის ორსაუკუნოვანმა მძაფრმა ბრძოლამ ვერც მეცნიერების დასუსტება შეძლო და ვერც რწმენისა“- წერდა ფრანგი პალეონტოლოგი, ფილოსოფოსი და თეოლოგი ტეიარ დე შარდენი XX ს-ის დასაწყისში. ეს ფაქტი ადასტურებს, რომ რელიგია და მეცნიერება ერთი და იმავე სრული აქტის ორი განუყრელად დაკავშირებული მხარე ან ფაზაა.

მაგრამ, სამწუხაროდ, ადამიანი და მის მიერ შექმნილი ცოდნის სისტემები ყოველთვის საუკეთესო გზით არ ვითარდება. XX საუკუნის ბოლოს ბევრისთვის უკვე ნათელი გახდა, რომ მეცნიერებისა და საზოგადოების განვითარების სწორი გზიდან ერთერთი არსებითი გადახრა მატერიალისტური მსოფლმხედველობა იყო. იგი აღმოჩნდა ციურ  საიდუმლოებათა სამყაროში – წერს  ს.ვივეკანანდა მეცნიერების შესახებ, – მაგრამ „უნარი არ შესწევს დედამიწის იქით თუნდაც ერთი ნაბიჯი გადადგას.“

სულიერად განვითარებული ცალკეული პიროვნებები წინააღმდეგობას უწევდნენ მეცნიერებაში მატერიალიზმის დამკვიდრებას, მაგრამ მათ სახელებს მისტიკოსის იარლიყებს აკრავდნენ და მათ მიერ მოპოვებული დაკვირვებათა შედეგები ან გონების ბრწყინვალე მიგნებები არასერიოზული განხილვის საგანი ხდებოდა.

დღესაც კი, როცა სამყაროს ცნობიერების ველის გამოკვლევა მიმდინარეობს, ნატიფი სამყაროსა და ადამიანის „ნატიფი სხეულის“ არსებობა მეცნიერულად დასაბუთებულია, მატერიალისტები გააფთრებით იცავენ სიცოცხლის შესახებ თავიანთ ათეისტურ შეხედულებებს. მაგრამ სამეცნიერო წრეებში სულ უფრო დამაჯერებლად გაისმის მტკიცება ღმერთის, როგორც სამყაროსა და ზეციური გონის შემოქმედის, არსებობის შესახებ. ამას განაპირობებს XX საუკუნის ბოლოს მეცნიერების მიერ მეხუთე ფუნდამენტური ურთიერთქმედების (ინფორმაციულის), ფიზიკური ვაკუუმისა და ტორსიული (ინფორმაციის გადამტანი) ველის აღმოჩენა; ასევე ველის ერთიანი თეორიის შექმნა.

„მე ვიცი, რომ ღმერთი არსებობს, მე მას ვხედავ ჩემი განტოლებების მიღმა. მეცნიერული კვლევის დროს ჩემს წინაშე წარმოჩენილი ნატიფი სამყაროების არსებობა რეალობაა“ – წერს რუსეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი გ. შიპოვი. რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა ნ. ბეხტერევამ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე განაცხადა: „მთელი ჩემი სიცოცხლე მე მივუძღვენი ადამიანის ყველაზე სრულყოფილ ორგანოს – ტვინის შესწავლას და იმ დასკვნამდე მივედი, რომ ასეთი სასწაულის წარმოქმნა შეუძლებელია შემოქმედის გარეშე.“

მიმდინარეობს დასავლეთის ზუსტი მტცნიერებისა და აღმოსავლეთის ეზოთერული სწავლებათა მიღწევათა შერწყმა. „დადგა დრო, – წერდა ინგლისელი მწერალი და ფილოსოფოსი ა. კიოსტლერი, – გავითვალისწინოთ XX საუკუნის პოსტმექანიკური მეცნიერების გაკვეთილები და თავი გავითავისუფლით XIX საუკუნის მატერიალიზმის მიერ ჩვენს ფილოსოფიურ შეხედულებებზე ჩამოცმული დამაწყნარებელი პერანგისაგან. ჩვენ შეგვიძლია უფრო მკაფიოდ აღვითქვათ ჩვენს ირგვლივ არსებული ის მოვლენები, რომლებიც ადრე იძულებული ვიყავით უარგვეყო ფიზიკური მეცნიერებისადმი ცალმხრივი, მიკერძოებული დამოკიდებულების გამო და პარანორმალური მოვლენები ჩავთვალოთ ნორმალურობის ჩვენეულ კონცეფციად, რითაც საკუთარ თავს შევუქმნით მკაფიო წარმოდგენას, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ბრმების ქვეყანაში.ბევრი მეცნიერისათვის მექანიკური პარადიგმა და სამყაროს დეტერმინისტული მოდელი ჯერ კიდევ ცენტრალურ მიმართულებად რჩება. ისინი ძირითად ყურადღებას ამახვილებენ მდგრად, ერთგვაროვან და გაწონასწორებულ პროცესებზე. უპირატესად შეისწავლიან ჩაკეტილ სისტემებსა და წრფივ თანაფარდობას. ისინი რჩებიან აღნიშნულ პოზიციებზე და მეცნიერებას აიძულებენ თავისი ძალისხმევა უმეტესწილად მიმართოს რეალობის იმ მცირე სფეროებისადმი, რომლებზეც მისადაგებულია ე.წ. „უნივერსალური კანონები“.

ი. პრიგოჟინმა და ი. სტენგერსმა შემოგვთავაზეს ახალი პარადიგმა, რომელშიც ყურადღებას ამახვილებენ მოუწესრიგებლობის, არამდგრადობის, გაუწონასწორებლობისა და არაწრფივი თანაფარდობისადმი. ისინი მიიჩნევენ, რომ ბევრ მეცნიერს ამჟამად იზიდავს ახალი, წარმოსახვისათვის მიუწვდომელი ობიექტები, რომლებიც მაგიასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ლოგიკასთან. მაგრამ, მათ უკვე დაიწყეს რთული პროცესებისაკენ თავიანთი გზის გაკვლევა.

კლასიკური მეცნიერების ბევრი წარმომადგენელი მეცნიერებაში „მისტიციზმის აღორძინების“  წინააღმდეგ გამოდის. „ისინი, ჩვეულებრივ, მთლიანად უარყოფენ პარაფსიქოლოგიის მონაცემებს, გინდ მსოფლმხედველობრივი მიზეზებით იყოს ისინი განპირობებული, და გინდ სულიერი ჩამორჩენილობით… ფსიქიკის მეცნიერული შეფასებისათვის ჩვენ ვალდებული ვართ გავითვალისწინოთ ყოველი შესაძლო ფენომენი, რის გამოც აღარ შეგვეძლება შევისწავლოთ ის ზოგადი ფილოსოფია, რომელიც გამორიცხავს როგორც არაცნობიერის, ისე პარაფსიქოლოგიური მოვლენების არსებობას“ – წერდა კ.იუნგი.

ეზოთერული მეცნიერების ცოდნის უგულებელყოფა დღეს უკვე შეუძლებელია. „დაიწყო ახალი ეპოქა, რადგან ცხოვრებაში ხდება დიდი ენერგიების შეცნობა. მეცნიერება იპყრობს ახალ სიმაღლეებს. ყველა ამის უარმყოფელს არ შეიძლება მეცნიერის სახელი ერქვას. მეცნიერება თავისუფალი, პატიოსანი და უშიშარია.“ – ნათქვამია „აგნი – იოგაში“. (ფიზიკოსებმა უკვე დაადასტურეს ფსიქიკური ენერგიის არსებობა).

ჭეშმარიტების ძიებისას მეცნიერთა წრე ორად გაიყო. ერთ მხარეს არიან ისინი, რომლებიც  არ გამორიცხავენ თავისი საფუძვლითა და არსით ესოდენ განსხვავებული მეცნიერებისა და რელიგიის გაერთიანებას. მეორე მხარეს კი ისინი აღმოჩნდნენ, რომლებიც მტკიცედ განაგრძობენ მატერიალისტური შეხედულებების დაცვას.

ცნობილია, რომ სინთეზს ხშირად, როგორც წესი, ხელს უშლის ხოლმე ცხოვრებაში არსებული რაიმე ნაწილის სხვების ხარჯზე თვითდამკვიდრებისაკენ სწრაფვის ფენომენი. მაგალითად, რელიგია ხშირად გამოდიოდა ხოლმე ოკულტისტების წინააღმდეგ. რელიგიის მსახურნი არ ცდილობდნენ კონტაქტი დაემყარებინათ მეცნიერულ სამყაროსთან, რითაც ხელს უწყობდნენ ანტაგონიზმს მეცნიერებასა და რელიგიგიას შორის. ანაფემას გადასცეს სულიერად განათლებული ისეთი პიროვნებები, როგორებიც იყვნენ ე. ბლავაცკაია, ე.რერიხი და სხვ., რაც კაცობრიობის კულტურის ისტორიაში შავ ლაქად დარჩება, რომ არაფერი ვთქვათ „კუდიანებზე ნადირობის“ პერიოდის მსხვერპლთა შესახებ.

მაგრამ ეჭვს არ იწვევს ის შეხედულებაც, რომ რელიგიის ხშირი და დაუცხრომელი კრიტიკა კაცობრიობისათვის დიდი ზიანის მომტანია. რელიგიის ცალკეული მსახურებით უკმაყოფილება მთელ ეკლესიაზე არ უნდა ვრცელდებოდეს. რელიგია (მისი სწორი გაგებით) ხელს უწყობს ადამიანის აღზრდას, უნერგავს მას ჰუმანურ იდეებს, იცავს მას გამხრწნელი და მისი განვითარებისათვის ხელშემშლელი საქციელის ჩადენისაგან. აყენებს მას ევოლუციისაკენ მიმავალ სწორ გზაზე.

ადამიანს, რომელმაც მაღალ სულიერ დონეს მიაღწია, რომელსაც გახსნილი აქვს უმაღლესი ცნობიერების ცენტრები და დაუფლებულია სულიერი ხედვის უნარს ერთი რელიგიის ერთგულება შეიძლება შემდგომი ზრდის გზაზე შემაფერხებელ ბარიერად ექცეს. „სულს არ უნდა შევუშალოთ საკუთარი ფრთების გაშლაში“ – დეკლარირებულია „აგნი- იოგაში“. რწმენისა და გონების, რელიგიისა და მეცნიერების ჰარმონიის პრინციპი ცენტრალურია თანამედროვე კათოლიკურ ფილოსოფიაში – ვატიკანის ოფიციალურ ფილოსოფიურ დოქტრინაში.

კულტურის განვითარების თანამედროვე ეტაპზე სრულიად მისაღებია მოთხოვნა სამყაროს შემეცნების მეცნიერული და არამეცნიერული მეთოდების თანაბარუფლებიანობის შესახებ როგორც ერთი ისე მეორე მხარისათვის დათრგუნვის მცდელობისა და ტოტალიტარული პრეტენზიების წაყენების გარეშე.

გარკვეული მოძრაობა ამ მიმართულებით უკვე შეინიშნება. ბოლო ხანს მსოფლიოს სხვადაცხვა ქვეყანაში ტარდება აღნიშნული საკითხისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენციები. „მსოფლიო საზოგადოებრიობის განვითარების თანამედროვე ეტაპზე უკვეე შეიმჩნევა მეცნიერებისა და რელიგიის ერთგვარი სინთეზი ინფორმაციულ დონეზე“ – აღნიშნა საქართველოს და რუსეთის მეცნიერების აკადემიკოსმა ი. ფრანგიშვილმა თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე. „რწმენა არ გამორიცხავს მეცნიერებას, პირიქით, იღებს მეცნიერულ მიღწევებსა და მტკიცებებს და თავად მიისწრაფვის ახალი აღმოჩენებისაკენ“ – ესაა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II – ის სიტყვები 2005 წლის სააღდგომო ეპისტოლედან.

მსგავსი ფორუმებისა და ღონისძიებათა ჩატარების ფაქტებმა და მათ მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა მეცნიერებისა და რელიგიის ურთიერთდაახლოების შესახებ არ შეიძლება გულგრილი დატოვოს მეცნიერული სამყარო და მთელი პროგრესული კაცობრიოა. ხორცი ესხმება „კალაგიის“ მოწოდებას სინთეზისაკენ: „ყოფიერება მრავალგანზომილებიანია, მაგრამ – ერთიანი, ისევე, როგორც ჭეშმარიტება. ყოფიერების ყველა სფეროს საფუძვლად უდევს სინთეზი და არა ნგრევა“.

„კალაგია“- XX საუკუნის ბოლოს გამოქვეყნებული უაღრესად მნიშვნელოვანი ეზოთერული ნაწარმოებია. იგი შეიძლება სამაგიდო წიგნად იქცეს თითოეული მეცნიერების, ხელოვნებისა და კულტურის მოღვაწისათვის, ყველა იმ ადამიანისათვის, ვისაც სურს ჭეშმარიტების წვდომა, ევოლუციური განვითარება, რათა ეზიაროს უსასრულობას და გახდეს უკვდავი.

ამრიგად, მეცნიერება და გონი ეყრდნობა ცოდნის სისტემებს, ხოლო რელიგია და რწმენა – ხედვით სისტემას. სამყაროს სრული და სწორი შემეცნებისათვის აუცილებელია შემეცნებითი გზის აღნიშნულ განშტოებათა გაერთიანება. „ჩვენ მივუახლოვდით ადამიანი – კოსმოსის სისტემებში ახალი გამოცდილების მიჯნას, სადაც საჭიროა არა მხოლოდ ცოდნა, არამედ ხედვაც“ – ამბობს ბიოფიზიკოსი, პროფესორი ი. კალანდაძე. ტეიარ დე შარდენი კი აცხადებს, რომ ხედვის არგანვითარება დაღუპვის ტოლფასია.

რელიგიის საგანს წარმოადგენს მიკროსამყაროები და მათი აღწერა მიკროსამყაროს შესახებ არსებული შეხედულებებისა და ცნებების მიხედვით. მათი აღწერისას არ შეიძლება ჩვეულებრივი ლოგიკის გამოყენება. ხოლო იმას, რაც ლოგიკას არ ემორჩილება მისტიკურს ვუწოდებთ და უარვყობთ. არადა მისტიკურობის გრძნობა ადამიანისათვის ყველაზე სასიამოვნო გრძნობაა. ა.აინშტაინი ამბობდა: „ვისთვისაც ეს გრძნობა უცხოა, ის მკვდრად უნდა მივიჩნიოთ.“ აღნიშნული ფრაზა იმის დამადასტურებელია, რომ თანამედროვე ფიზიკის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა ეს გრძნობა განიცადა, შეიძინა ე.წ. „რელიგიური გამოცდილება“ და მიკროსამყაროს გარკვეული კანონზომიერებანი სულიერი გზით შეიმეცნა. მეცნიერებათა მისტიკური ხედვის მრავალი მაგალითი არსებობს და მათ ხშირად იმოწმებენ ლიტერატურაში. სულიერი ბუნების მეცნიერული გამოკვლევა მოითხოვს სათანადო სულიერი ხელსაწყოების არსებობას, რაც მეცნიერებას ჯერჯერობით არ გააჩნია. ლაზერი „კალაგიაში“ მოხსენებულია, როგორც სულიერ-ფიზიკური ხელსაწყო.

ადამიანის განკარგულებაშია ბუნების მიერ შექმნილი სულიერი ხელსაწყოები: ტაქეონური ლაზერები, ოსცილატორები, მიმღებები, ტრანსლატორები და მრავალი სხვა. ისინი უშუალოდ მასში არსებობენ. იმისათვის, რომ ეს სულიერი „დანადგარები“ სრულფასოვნად ავამოქმედოთ, საჭიროა ადამიანი მოვიყვანოთ განსაკუთრებულ ვირტუალურ (მედიტაციურ) მდგომარეობამდე.

ტრანსპერსონალური ფსიქოლოგიის საკითხების მკვლევარმა ს.გროფმა ასეთ მდგომარეობას ჰოლოტროპული უწოდა. ადამიანში მიმდინარეობს შინაგანი სულიერი პროცესები, რომელთა წყალობითაც ცნობიერება თავისუფლდება გრძნობათა სამყაროში არსებული მიჯნებისაგან – იძენს „ზეგრძნობიერი „ სამყაროს აღქმის უნარს.მიმდინარეობს ლოგიკურისა და ინტუიციურის ერთგვარი სინთეზის პროცესი, რომელიც რაღაცა ახალს წარმოქმნის. ადამიანი ხდება ხედვისუნარიანი და განიცდის ევოლუციას.

თითოეული ადამიანის, განსაკუთრებით მეცნიერის ცხოვრებაში შეიძლება დადგეს მომენტი, როდესაც ის ხვდება, რომ საკუთარ თავს, ირგვლი მყოფთ და სამყაროს დიდ ზიანს აყენებს, თუ ხელს არ შეუწყობს თავისი სულიერი თვალთახედვის გახსნას.

ამრიგად, მეცნიერული ცოდნა არასაკმარისია სამყაროსა და მის ღრმა იდუმალებათა შესაცნობად. ამისათვის დამატებით საჭიროა ხედვის უნარი, რომელიც თავის თავში შეიცავს რეალობის ინტუიციურ და სპონტანურ აღქმას. ესაა ე.წ. ნათელხილვის გაელვება და სამყაროს ინფორმაციულ ველში შეღწევა.

ოფიციალური მეცნიერების ეზოთერულთან სინთეზი ამ აქტისადმი მეცნიერული საზოგადოების ნაწილის მოუმზადებლობის გამო ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს. ალბათ ურთიერთდაახლოვების პირველ ეტაპზე მეცნიერების ყველა სფეროს სპეციალისტები უნდა გაეცნონ მათი კვლევის ობიექტების შესახებ არსებულ ცნობებს, რომლებიც გაბნეულია , როგორც მარგალიტი (ზოგჯერ დიდი რაოდენობითაც) ეზოთერულ ნაწარმოებებში, და მოახდინონ შესაბამის მეცნიერულ გამოკვლევათა შედეგებთან მათი შეპირისპირება. შედეგების თანხვდომა სპეციალისტებს არწმუნებს ობიექტის შემეცნების არჩეული გზისა და მიღებული შედეგების  სისწორეში. შემჩნეული დაპირისპირებათა მომენტები მათ ხელახლა უნდა გადაამოწმონ.

სტატიის ავტორი არაერთხელ დარწმუნებულა ეზოთერულ ლიტერატურაში მოყვანილ ფაქტების უტყუარობასა და რეკომენდიაციების სისწორეში. ამიტომ ზემოაღნიშნული გზით მოპოვებული ცნობების იგნორირება ყოვლად  მიზანშეუწონლად მიაჩნია.

თვალსაჩინოებისათვის შეიძლება განვიხილოთ მაგალითი ატმოსფეროს ფიზიკიდან. როგორც ცნობილია, ატმოსფეროს შედგენილობაში შედის ბიოსფეროს შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანი და აბსოლუტურად აუცილებელი ელემენტი – ჟანგბადი. იგი  სამი ალოტროპული სახესხვაობით არსებობს: O2 მოლეკულური, О – ატომური და O3 – ოზონის სახელით ცნობილი სამატომიანი. დღესდღეობით ზოგადად მიღებული ოზონის მოლეკულის მოდელის თანახმად, ატომები მასში განლაგებოლია ტოლფერდა ბლაგვკუთხა სამკუთხედის წვეროებში.

ეზოთერიაში არსებობს მოსაზრება, რომ ოზონის მოლეკულაში ჟანგბადის ატომებს შორის განთავსებულია პრანა – სასიცოცხლო ენერგია, რომელსაც ყოველივე ცოცხალში შეაქვს უნივერსალური ძალა. ესე იგი ოზონი მაცოცხლებელი ძალის მატარებელია.

ფიზიკოსების და გეოფიზიკოსების ჯგუფებმა, რომლებიც ატმოსფეროს მიწისპირა ფენაში იკვლევენ ოზონის ვარიაციებს, ასევე მედიცინის მუშაკებმა, ბოტანიკოსებმა და ეკოლოგიის პრობლემების შემსწავლელმა სხვა მეცნიერებმა ეს კეთილშობილი აირი ჰაერის გამაჭუჭყიანებელ ფაქტორად მიიჩნიეს. მათი აზრით,  ოზონი საფრთხეს უქმნის ფლორისა და ფაუნის არსებობას და ტოქსიკურ ზემოქმედებას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე. მეცნიერების ამ სფეროში გამოქვეყნებული სტატიები დამაჯერებლად არ გვეჩვენება და მათში მოყვანილი დასკვნები და გამოთქმული ვარაუდი იმასთან დაკავშირებით, რომ ოზონს თითქოს ტოქსიკური თვისებები ახასიათებს, საკმაოდ დასაბუთებული არაა. ზოგიერთი მეცნიერი ოზზონის მიერ მცენარეულობის დაზიანების შეფასებისას სიფრთხილის გამოჩენას მოითხოვს და კოლეგებს სწორი დიაგნოსტიკისაკენ მოუწოდებს, რამდენადაც გამოვლენილი სიმპტომების უმეტესობა სხვა პათოგენებითა და ფიზიოლოგიური პირობებით დაზიანების სიმპტომებს წააგავს. განსაკუთრებული მსგავსებით გამოირჩევა ოზონითა და პან-ით დაზიანების სიმპტომები. (როგორც ცნობილია, პან – პეროქსიაცეწილნიტრატი სიცოცხლის ნებისმიერი ფორმისათვის მეტისმეტად ძლიერი აგრესორია). მთელი რიგი სტატიების ავტორები აღნიშნავენ, რომ თავიანთ გამოკვლევებში მათ არ შეუსწავლიათ სხვა გამაჭუჭყიანებელი ნივთიერებებისა და კლიმატური პირობების ზემოქმედება.

ოკულტურ ლიტერატურაში მოყვანილია სრულიად განსხვავებული მსჯელობა ოზონის თვისებებისა და სასიცოცხლო პროცესებში მისი როლის შესახებ. ასე მაგალითად, ე. ბლავატსკაია წერდა: „ ის ვინც ამ თითქოსდა მოუქნელ ჟანგბადს ოზონად აქცევს, მიიყვანს მას ალქიმიურ აქტივობამდე და თავის წმინდა არსამდე (რისი მიღწევის ხერხებიც არსებობს), ამით აღმოაჩენს „სიცოცხლის ელექსირის“ შემცვლელს და იგი პრაქტიკულად გამოყენებისათვის მზად იქნება“.

ასევე ცნობილია, რომ ზოგიერთი არაკეთილსინდისიერი „მეცნიერის“ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილმასშტაბიანი გათამაშება გასულ საუკუნეში ე.წ. „ოზონის ხვრელი“ გახლდათ.

ყველაფერში სამართლიანობის დაცვა და მისი დროული აღდგენა, თუ იგი დარღვეული იყო, დიდმნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს, რომელიც გავლენას ახდენს კაცობრიობის ბედზე.

წინამდებარე სტატიის ავტორს, სამწუხაროდ, არ შეუძლია დამოუკიდებლად და მეცნიერულად დაამტკიცოს ოზონის უდანაშაულობა კაცობრიობის ეკოლოგიურ უბედურებაში. იგი ეყრდნობა მხოლოდ ინტუიციას, ოფიციალური მეცნიერებისა და ეზოთერიის ზემოთ მოყვანილ მასალებს და გამოთქვამს შემდეგ ვარაუდებს: 1.ოზონი დედამიწის ფლორას, ფაუნას და ადამიანის ორგანიზმს აწვდის მაცოცხლებელ ძალას – პრანას; 2. მიწისპირა ოზონის რაოდენობის (მისი კონცენტრაციის) გაზრდა „სმოგის“ დროს ჰაერში წარმოქმნილი სხვადასხვა ტოქსიკური ნივთიერების გაზრდილი კონცენტრაციის მიერ ბიოსფეროსთვის მიყენებული ზარალის კომპენსირებას ახდენს; 3.საშიშია არა ოზონის კონცენტრაციის გაზრდის შემთხვევები, არამედ ჰაერში სმოგური სიტუაციების დროს მათი მცირე შემცველობა.

მიწისპირა ოზონის ბიოსფეროზე ზემოქმედების შესახებ დასმულ კითხვაზე უტყუარი და ყველასთვის დამაჯერებელი პასუხის მისაღებად საჭიროა ჩატარდეს შემდგომი გამოკვლევები უფრო გულმოდგინედ მომზადებული ექსპერიმენტების საფუძველზე.

კაცობრიობას ბევრი უბედურება ატყდება თავს ერთი უკიდურესობიდან საწინააღმდეგო, მეორე უკიდურესობაზე მკვეთრი გადასვლისას. ზოგჯერ ხდება გონებისაგან განდგომაც (ნეომისტიციზმი) ცრუმეცნიერებისაგან გადაღლის შედეგად.

არ შეიძლება გონის უარყოფა, ისევე, როგორც მისტიკისა (სინამდვილისგან განდგომა). არარაციონალურია ადამიანისათვის დამახასიათებელი ისეთი რაიმეს უკუგდება, რომელსაც შეუძლია დახმარება გაუწიოს კაცობრიობის პროგრესს,  მის სულიერ და ინტელექტუალურ ზრდას. თუმცა მეცნიერების დევიზი – ჭეშმარიტება სიცრუის გარეშე – არ უნდა დაირღვეს. მეცნიერების ზნეობრიობა სავალდებულოა.

მეცნიერების და რელიგიის ურთიერთობა აუცილებელია. ცოდნითი და ხედვითი სისტემების გაერთიანება უზრუნველყოფს მეცნიერების მნიშვნელოვან პროგრესს. ამას ხელს შეუწყობს მეცნიერული უტყუარობის კრიტერიუმთა გადახედვა და ახალი პარადიგმების მიღება, რომლებიც „ნატიფი სამყაროსა“ და „შემოქმედი – ღმერთის“ ცნებებს მოიცავს. როგორც ი.პრიგოჟინმა თქვა: „სამყაროს მეცნიერული შემეცნება მხოლოდ ახლა იწყება“.

ო.ლომაია. (ჟ. „მეცნიერება და ტექნოლოგიები“, №7-9, 2006.)

სამყარო და ადამიანი. ნაწილი 3.

ინდოელი ბრძენების სწავლების თანახმად, ადამიანის სრულყოფისაკენ მიმავალ გზით სვლას ხელს უწყობს ღვთის მსახურება: ღმერთისკენ მისწრაფება, მისი კანონებით ცხოვრება, ლოცვა. ეს უზრუნველყოფს ღვთიური ძალისა და ენერგიის მოზიდვასა და გამოყენებას. ამ გზაზე აუცილებელია გვქონდეს საკუთარი თავის რწმენა, გვწამდეს ღმერთი და განვავითაროთ ნებისყოფა. მისი თაოსნობით და დახმარებით შევიძინოთ საჭირო ცოდნა, რომელიც ხელს შეგვიწყობს გონისა და ცნობიერების განწმენდაში. შემდეგ აუცილებელია სასიცოცხლო ენერგიაზე კონტროლის დაწესება და გონების დამშვიდება. ნებისყოფა და ენერგია გვესაჭიროება პირველ რიგში. მივცეთ მათ საშუალება იშრომონ და დავეხმაროთ იმით, რომ დავიკავოთ მათ მიმართ სწორი პოზიცია. ჩვენ ვართ მიუკერძოებელი სანქციონერები და მოწმეები მათი სწორი სვლის.

მოვეხმაროთ მათ სხეულზე ზრუნვით, არ დავანგრიოთ იგი უყურადღებობით და გულგრილობით, სრული უუნარობითა და უმოქმედობით, ან პირიქით, გადაჭარბებული ბრძოლით, ვნებების ბობოქრობით და ზედმეტი მოქმედებებით. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ვიმოქმედოთ გონივრულ საზღვრებში და არ მივეცეთ სრულ უსაქმურობას. შევიძინოთ და სრულად ავითვისოთ ის ცოდნა, რომელიც თვითონ მოაღწევს ჩვენამდე. ყველაფერი ზემოთ ნათქვამი გამოვიყენოთ ყველა ცალკეული , ცხოვრებისეული მოქმედებისას. სხვა არაფრის გაკეთება არ არის საჭირო. არ ვიშფოთოთ, არ ვიღელვოთ, არ ვიჩქაროთ. ამავე დროს ტყუილა არ დავკარგოთ დრო. კაცობრიობა განიცდის ევოლუციას. აუცილებელია გამოვიყენოთ ყველა ჩვენთვის ცნობილი საშუალება, რათა ხელი შევუწყოთ ამ პროცესს და დავაჩქაროთ იგი. ეს სჭირდება სამყაროს, კაცობრიობას, თითოეულ ჩვენგანს.

 ადამიანის თანდაყოლილი ნატურა წინააღმდეგობას უწევს ნებელობას, ხელს უშლის მას სრულყოფილად იმოქმედოს. იგი ამბობს: „მე მივეჩვიე არასრულყოფილებას  – იგი ადვილია და მოსახერხებელი; მე არ მსურს ვიყო სრულყოფილი.“ ნებელობამ უნდა თქვას: „ მე ძლიერი ვარ და შემიძლია ვაკეთო ის, რაზეც მიმითითებს ჩემი სული.“ ამის შემდეგ ნებელობა შეუდგება სხეულის გასუფთავებას. (რათა მან მომავალში აღარასოდეს გამოიტანოს ამდაგვარი არასწორი დასკვნები. – მცირე იუმორი ). მისი მოქმედების შემწეობით ადამიანში ყალიბდება ახალი წესები, ჩვევები და ტენდენციები, რომლებიც ებრძვიან ძველებს და თანდათანობით დაძლევენ მათ.

ცოდნით აღსავსე და გაძლიერებული ნებელობა საბოლოოდ იმარჯვებს. აღმოფქვრილი ჩვეულებები ცდილობენ ხელახლა შეაღწიონ ადამიანში და დაიბრუნონ დაკარგული პოზიციები, ანუ ხშირად  ადგილი აქვს რეციდივს. მაგრამ ისინი დროთა განმავლობაში სუსტდებიან. სასურველი ტენდენცია ვითარდება, იძენს მეტ ძალას და სრულყოფილებას. ზოგჯერ ადამიანები უარს ამბობენ ბრძოლის გაგრძელებაზე არასაკმარისი მოთმინებისა და ნებელობის სისუსტის გამო. მოთმინებითა და დაჟინებით მოვიხმაროთ ნებისყოფა. არ შეგვაწუხოს დროებითმა წარუმატებლობამ. ნებელობა აუცილებლად შეძლებს ყველა არასრულყოფილების დაძლებას,  დასუსტებას და ბოლოს უეჭველად უკუაგდებს მათ.

ძალიან ძნელია სურვილებისაგან განთავისუფლება. მაგრამ ესეც შესაძლებელია საჭირო ცოდნის მიღების შემდეგ. ცოდნა გვეხმარება ვისწავლოთ, თუ როგორ მივმართოთ ჩვენი ნებისყოფა გონების დასამშვიდებლად და ემოციების გასაწმენდათ. სურვილი შესაძლებელია მთლიანად მოისპოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განათლებული გონება გაიგებს ყველა კანონზომიერებას, გააბრწყინებს გაძლიერებულ და განმტკიცებულ ნებისყოფას, მის მოქმედებას და ამას მხარს დაუჭერს სუფთა გული.

სურვილების დაძლევა და უკუგდება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ რაღაცის ჩვენამდე მოსვლა არ გაგვახარებს, ან რაღაცის დაკარგვა არ დაგვამწუხრებს. ჩვენ არ ვიტყვით უარს იმაზე, რაც გვაქვს, არ მოგვეწონება სიხარულის დაკარგვა, არ დაგვამწუხრებს ბოროტებასთან შეხვედრა. ვიქნებით მხოლოდ მიუკერძოებლები. დაგვეუფლება ღვთაებრივი სიმშვიდე, ღვთაებრივი ნეტარება.

ადამიანები, როგორც წესი, ზედმეტად დიდ მნიშველობას ანიჭებენ სხეულს. როდესაც ადამიანის ინდივიდუალიზირებული სული ხდება გონისა და ნებელობის ბატონი, სხეული თავის კუთვნილ ადგილს იკავებს. იმის ნაცვლად, რომ გონისა და ნებელობის საქმეში ჩაერიოს, როგორც ეს ხშირად ხდება, დაიბრიყვოს კიდევაც ისინი, იგი ემორჩილება ამ აქტიურ ცენტრს. აუცილებელია, რათა მივხვდეთ და ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ფიზიკური გონიერულის ბატონი არ არის. ისეთი მდგომარეობა, როდესაც სხეული თავს ახვევს ჭკუა – გონებას თავის პირობებს, – არანორმალურია და აუცილებელია მისი გამოსწორება. გონი უნდა აკონტროლებდეს  სხეულს და ცვლიდეს მას საჭიროებისამებრ.

დიდსულოვნება და კეთილი ნება წარმოადგენს კულტურის საფუძველს. „ერთ წმინდა სულს, უმაღლესთან ერთიანობაში მყოფს, შეუძლია გადაარჩინოს ჩვენი სამყარო თავისი სიწმინდით“ – გვასწავლის „კალაგია“. ვამრავლოთ კეთილი ნების ადამიანთა რიცხვი, რადგან, სწორედ წმინდა სულის ადამიანები ამზადებენ დედამიწაზე კაცობრიობის გადარჩენის გზას, ვინაიდან ნათელს ფენენ სამყაროს და ცხოვრებისეულ ცდუნებაში ჩავარდნილ ადამიანებს.

კეთილი ნების მქონე ადამიანებს ურჩევენ შეხვდნენ ყოველ ახალ დღეს ლოცვით, რათა ადამიანთა გულები აინთოს სიყვარულითა და სიხარულით და მათი გონება მიმართულ იქნას წმინდა საქმეებისაკენ. ამდაგვარი ლოცვისას თვით მლოცველში ხდება დადებითი ენერგიის პოტენციალის ზრდა.

შევიძენთ რა საკუთარ გულში დიდსულოვნებას, გულმოწყალებას, სიხარულს, სიყვარულს, მადლს, ძლევამოსილ სიმშვიდეს, (მას ზეიმურობა ჰქვია და წარმოადგენს ცეცხლოვან მახვილს) და ამაღლებულობას, – ჩვენ შესაბამისად მოგვეცემა: მშვიდობა, კარგი ცხოვრება, ახალი ცოდნა. მხოლოდ  სიყვარულსა და სიხარულში შეუძლია ადამიანს მიაღწიოს სულიერ სრულყოფას. სიკეთითა და სიყვარულით ხორციელდება ადამიანის ამაღლება უკვდავთა სფეროებში, სადაც სიცოცხლე უწყვეტია და თავისუფლება სრულყოფილი. ადამიანის მთლიანობისა და სილამაზის მაჩვენებელია ის, თუ რა არის მისთვის მთავარი თავის მიწიერ ცხოვრებაში. ამავდროულად მისი ქმედებები უნდა შეესაბამებოდეს მის შეხედულებებს.

 დედამიწაზე სიკვდილი არ არსებობს. ის, რასაც ადამიანები სიკვდილს არქმევენ, სინამდვილეში არის ადამიანის არსის დაბრუნება ნატიფ სამყაროში. ამასთან ერთად, იგი ინარჩუნებს თავის ინდივიდუალობას, ცნობიერებას, მეხსიერებას. მას გააჩნია ყველა ის შეგრძნება, რომელიც აქვს სხეულში ცხოვრების დროს. ამ მოსაზრების მიხედვით, ადამიანი პრაქტიკულად უკვდავია და აქვს სრულყოფის საშუალება ნებისმიერ სამყაროში. მაგრამ იმ სხეულის ნიშან-თვისებები და მახასიათებლები, რომლითაც ინდივიდი გადადის სხვა სამყაროში, გაცილებით უფრო მაღალ დონეზეა, როდესაც ადამიანი განიცდის ევოლუციას ფიზიკურ სამყაროში.

ადამიანის მყარი სხეული ფლობს მეტ ენერგეტიკას და ანიჭებს ცნობიერების სხეულს მეტი მოცულობითა და სიმკვრივით. არასწორ მოქმედებებს მივყავართ სულიერ სხეულში ნალექის წარმოქმნამდე. ამიტომაა ხალხის მიერ ნათქვამი: „სული დაიმძიმაო.“ ჩვენთვის ცნობილი, მატერიალურ მოვლენებზე ფოკუსირებული ფიზიკა ახლოსაც ვერ მიდის სულიერი პროცესების ფიზიკასთან. ჩვენც ვერ განვიხილავთ აქ დეტალურათ ამ ურთულეს პროცესს. მხოლოდ ავღნიშნავთ, რომ ინდივიდუალობა წარმოიშვება ადამიანის სამშვინველში.

სამართლიანობა – სამყაროში მოქმედი ერთ-ერთი უზენაესი კანონი – მოითხოვს, რომ სიყვარულსა, სიხარულსა და სიკეთეში მცხოვრები ყოველი ადამიანი აყვანილ იქნას ყოფიერების უმაღლეს სფეროებში. ადამიანი, რომელიც ქმნის თავის ინდივიდუალობას, იძენს კოსმიურ ცნობიერებასა და სიძლიერეს.

                        ოფელია ლომაია.  (ჟურნ. „ფენომენი“ №7, 2012 წ.)