ადამიანის შემადგენლობის და სტრუქტურის შესახებ. (გაგრძელება 2 ).

ადამიანში არსებული შვიდი მთავარი ცენტრის შესახებ წერს ყველა ავტორი, რომელიც აღწერს ამ სისტემას და იქვე აღნიშნავს, რომ მასში არსებობს კიდევ ორმოცი მომცრო ცენტრი. ვერ ვიტყვით, რომ ცოდნის ამ დარგში არსებობს მთლიანად დამუშავებული სისტემა, თუმცა ჩაკრები ნახსენებია ბევრ შრომაში, რომელიც ათეულობით საუკუნის განმავლობაში დაწერილა.

დასავლეთის ოკულტური მეცნიერება საუბრობს ადამიანის მხოლოდ შვიდ მთავარ ცენტრზე. აღმოსავლეთში უფრო მეტი ცოდნა არსებობდა ამის შესახებ. მაგრამ ევროპელებისთვის ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ ამ ცოდნის ნაწილი, სხვა ნაწილების საკრალურობის გამო. ამ ცენტრების ყველაზე გავრცელებული სახელია – „ჩაკრა“, ან „ცეცხლოვანი ბორბალი“. ცნობილია, რომ ისინი არიან აღქმის სივრცული აპარატები.

შეგვიძლია გაუგოთ ზოგიერთ ავტორს, რომელიც ჩაკრებს ისე ახსენებს, როგორც გაურკვეველი ფუნქციების მქონე სავარაუდო სტრუქტურას, რადგანაც მათი არსებობა ადამიანის სხეულში ექსპერიმენტალურად ჯერ არ დადასტურებულა. (ამისთვის საჭირო ხელსაწყო ჯერ არ არის  შექმნილი). მაგრამ, დღეს უკვე ბევრად უფლებამოსილნი ვართ ვისაუბროთ მათზე, როგორც რეალურად არსებულზე ადამიანის ფაქიზ სხეულებში – იმ კონსტრუქციებზე, რომელსაც უკვე ბევრი „მხედველი“ ინდივიდუმი ხედავს სულიერი ხედვით, არაერთხელ   დააფიქსირებია საკუთარსა და სხვის სხულებში და მხატვრულად აღუწერია ისინი.

ექსტრასენსები ადამიანის აურის ფორმასა და ფერს უკავშირებენ მისი ჩაკრების მდგომარეობას, რაც თავის მხრივ,  ადამიანის განვითარების დონეზეა დამოკიდებული.

„კალაგია“-მ დაადასტურა ადამიანში უმნიშვნელოვანესი ცნობიერების ცენტრების არსებობისა და მათი ფუნქციონირების შესახებ მანამდე უკვე არსებული ცნობები  და მნიშვნელოვნად შეავსო ჩვენი ცოდნა ამ მიმართულებით უცნობი ან ნაკლებად ცნობილი მონაცემებით. „კალაგიაში“ აღნიშნული ცენტრები ნახსენებია როგორც „ჩაკრამები“. ხაზგასმულია მათი მნიშვნელოვანი როლი ადამიანის ცხოველქმედობაში, მათ „მბრძანებელი – კარმენდრიებთან“ ერთად.( სიტყვა „ კარმენდრია“ წარმოშობილია სიტყვებისაგან „კარმა“ – ქმედება და „ინდრა“ – მბრძანებელი და ნიშნავს „მოქმედების მბრძანებელი“).

ამჟამად არსებული შეხედულებების თანახმად, ჩაკრამები წარმოიშობა ასტრალურ სხეულში, იძენს საკუთარ ფორმას და შინაარსს ფაქიზ სხეულში (ტარაში), იმ წერტილებში, სადაც ფაქიზი სხეული უერთდება მენტალური სხეულის ცნობიერებას. მყარ სხეულში ფიზიოლოგიურ დონეზე ხუთ ჩაკრამს ( მთავარი შვიდიდან) შეესაბამება ზურგის ტვინის სხვადასხვა ნაწილები, რომლებიც განლაგებულია ხერხემლის ხუთი სეგმენტის  მიდამოში (გავის ძვალა, წელის განყოფილების ხუთი მალა, მკერდის განყოფილების პირველი ჯგუფის ხუთი მალა, მკერდის განყოფილების მეორე ჯგუფის შვიდი მალა, კისრის განყოფილების შვიდი მალა). ორ ჩაკრამს კი შეესაბამება თავის ტვინის ორი განყოფილება (ნათხემი და თალამუსი).

ჩაკრამების მდგომარეობა, როგორც უკვე აღვნიშნეთ ზემოთ, დამოკიდებულია ადამიანის განვითარებაზე. სულიერად, ფსიქიკურად და გონებრივად ნაკლებად განვითარებული ადამიანების ჩაკრები ფაქიზ სხეულებში გამოიყურება როგორც მკრთალად შეფერილი მცირე ზომის დისკო. ადამიანის ზრდასთან და მისი ცნობიერების გაფართოებასთან ერთად, მისი ჩაკრამები იხსნება, მათი ფორმა იცვლება (ემსგავსება ყვავილს) და შეფერილობა ხდება  უფრო კაშკაშა. იგივეს ადასტურებს ზოგიერთი ფილოსოფიური სისტემა და ეზოთერული სწავლება. ისინი მოწმობენ, რომ ცნობიერების უმაღლესი ცენტრების განვითარებადობა დამოკიდებულია ადამიანის ყოფიერებაზე, მის ჯანმრთელობაზე და  სიახლოვეზე დედამიწაზე მისი ცხოვრების მთავარი მიზნის შესრულებასთან. ეს მიზანი კი, როგორც ვიცით, არის – განიცადოს ევოლუცია თვითონ და ხელი შეუწყოს ევოლუციონირებაში სხვა ადამიანებს, ცოცხალ არსებებსა და (ამის შედეგად)  მთელ სამყაროს.

დღეს უკვე ცდილობენ შექმნან ჩაკრების ზოგადი თეორია, რომელიც აღწერს მთელ ამ სისტემას, როგორც მთლიანს. როგორც აღნიშნავსენ რიგი მკვლევარები, ადამიანის ცნობიერების უმაღლესი ცენტრები წარმოადგენენ სამყაროს ინტეგრალურ წარმოსახვას. ეს  ის წერტილებია, სადაც ხდება შიდა და გარე სამყაროების შეპირაპირება. ყოველი ადამიანის ამა თუ იმ ჩაკრამის აქტივობის ხარისხი განსხვავებულია. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანში მკვეთრად დომინირებს რომელიმე ერთი ცენტრი, იგი ითვლება ინვალიდად, ფსიქიურად არაგაწონასწორებულად. სასურველია მათი თანაბარი, მეტ – ნაკლებად ჰარმონიული გახსნა.

ინფორმაციული თვალსაზრისით ცენტრები განიხილება, როგორც ადამიანის ბიოკომპიუტერის შესასვლელ – გამოსასვლელი მოწყობილობა. ჩვენ არა ვართ საკუთარი შიდა სამყაროში მიმდინარე უმრავლესი პროცესების წამომწყებნი – ჩვენ მხოლოდ აღვივქვამთ მათ. უფრო სწორად მიგვაჩნია დაშვება, რომ პროცესებში აქტიურად მონაწილეობს „შიდა ადამიანი“ და „გარე ადამიანი“ კი მხოლოდ აღიქვამს. სრულიად ნათელია, რომ ყოველივე ადამიანისთვის აუცილებელია ამ საკითხების არა მხოლოდ ახლო გაცნობა, არამედ საკუთარი ცენტრების თუნდაც ნაწილობრივი გახსნა. მაგრამ მხედველობაშია მისაღები ის მდგომარეობა, რომ ეს ყველაფერი დაკავშირებულია ადამიანში უმაღლესი ძალების და ენერგიების გამოღვიძებასთან. ამას კი შეიძლება ბევრი სერიოზული შედეგი მოჰყვეს, თუ ჩვენ არ გამოვიჩენთ დიდ ყურადღებას  ამ საკითხის შესწავლისას.

ქვემოთ მოყვანილი ჩაკრამები ჩამოთვლილია გავის ძვლიდან ზემოთ. დასახელებასა და ადგილმდებარეობასთან ერთად მოყვანილია აგრეთვე ზოგიერთი მათი მახასიათებლები. 1.მულადახარა (მულადხარა) – (ფრჩხილებში მოყვანილია ჩაკრების დასახელება, რომელიც გამოიყენება ლიტერატურაში, მაგრამ ბოლომდე არ ემთხვევა „კალაგიაში“ გამოყენებულ ტერმინს). იგი მდებარეობს გავის ძვალთან ( პროექცირდება მყარი სხეულის ამ მიდამოში), ხერხემლის ფუძეში. ამ ჩაკრამის ლოტოს – კარმენდრიას აქვს ოთხი ფურცელი. მისი ნათების ფერი – წითელი ან ყავისფერია. ჩაკრამის როლია – კონტროლი თვითგადარჩენის ინსტინქტზე, სიცოცხლისა და სიკვდილის საწყისების დაცვა. (ინფორმაცია ჩაკრამების ნათების ფერების შესახებ აღებულია სხვა წყაროებიდან, რადგან „კალაგიაში“ სათანადო მონაცემები არ არის მოყვანილი).

2.სვარხიშტახანა (სვადხისტხანა). მყარ სხეულზე მისი პროექციის ადგილმდებარეობა არის  ხერხემლის წელის განყოფილების ხუთი მალის მიდამო. ამ ჩაკრამის ლოტოსს აქვს ექვსი ფურცელი. ნათების ფერი – ნარინჯისფერია. მთავარი ფუნქცია – უჯრედის გამრავლება. იგი პასუხისმგებელია გენეტიკური კოდის გამრავლებაზე, სექსუალური ენერგიაზე, რომელიც აუცილებელია გარდა გამრავლებისა, შემოქმედებისათვისაც (ვიშუთხის – მეხუთე ჩაკრამის ენერგიასთან ერთად). ამ ორი ენერგიის გაერთიანება ხორციელდება სულიერების ზრდის და განათლებული ცნობიერების შემთხვევაში.

3.მანიპურა. მდებარეობს მზიურ წნულში ანუ მკერდის განყოფილების პირველი ჯგუფის ხუთი მალის მიდამოებში. ამ ჩაკრამის ლოტოსს აქვს ათი ფურცელი. ნათების ფერი – ყვითელი. მისი ფუნქციებია – იმ ინსტინქტების დაცვა, რომელიც აუმჯობესებს ცხოვრების მატერიალურ პირობებს. ეს ჩაკრამი არის ასტრალურ სამყაროსა და ადამიანს შორის დამაკავშირებელი რგოლი. არ არის საჭირო ამ ჩაკრამის ენერგიის დახარჯვა ზედმეტ ემოციებზე. უკეთესი იქნება მათი გამოყენება ლოგიკური აზროვნების განვითარებისთვის.

4.ანახატა. განთავსებულია გულის დონეზე, ხერხემლის მკერდის განყოფილების მეორე ჯგუფის შვიდი სეგმენტის მიდამოებში. ამ ჩაკრამის ლოტოსს გააჩნია თორმეტი ფურცელი, რომლებიც სამ ჯგუფად არის დაჯგუფებული და თვითოეულ მათგანში ოთხი ფურცელია. მისი ნათების ფერი – მწვანეა. ემსახურება ადამიანური საწყისების ცხოველური საწყისებზე ბატონობის გაძლიერების მიზანს. იგი არის მატერიალური და სულიერი სამყაროებს შორის დამაკავშირებელი რგოლი. აქ – სულის ცენტრია, სიყვარულის ენერგია. ამ ჩაკრამის განვითარება დაკავშირებულია გარშემო არსებულ ადამიანებთან და სხვა ცოცხალ არსებებთან სწორი ურთიერთობების ჩამოყალიბებასთან, ისეთი ურთიერთიბების, რომელიც დაფუძნებულია სიყვარულზე, ურთიერთგაგებასა და ურთიერთდახმარებაზე. მის განვითარებას ძლიერ აფერხებს და ზოგჯერ მთლიანად ახდენს ბლოკირებას მწუხარება. გრძნობები და ცნობიერება მოთავსებულია ანახატაში.

5.ვიშუდდა (ვიშუდხა ). ადგილმდებარეობა – კისრის განყოფილების მალების მიდამო – ყელი. გააჩნია ლოტოსის თექვსმეტი ენერგეტიკული ფურცელი. ისინი განთავსებულია ოთხ ჯგუფად, ოთხ – ოთხი ფურცელი თვითოეულში. აქვს ცისფერი ნათება. ეს ცენტრი არის ცოდნის გამჭღავნების ენერგიის მატარებელი. მიეკუთნება სულიერ სამყაროს და მისი ამოცანაა – მიღებული ცოდნის რეალიზაცია. პასუხისმგებელია ჭეშმარიტებაზე. იბლოკება სიცრუით.

6.აინა. ადგილმდებარეობა – ნათხემის მიდამო. ეს ჩაკრამი, ისევე, როგორც შემდეგი მეშვიდე, მთავარი შვიდი ჩაკრამებიდან, ამავდროულად არის კარმენდრია – ლოტოსი. აქვს აგრეთვე სახელწოდება – მაცხოვრებლების მბრძანებელი. ამ ჩაკრამის თვისებები ფართოდ არ აფიშირდება და ამას, რა თქმა უნდა, სერიოზული მიზეზი გააჩნია. არსებობს საფუძველი, რათა აინას შესახებ ითქვას მხოლოდ ის, რომ მის ფუნქციაში შედის ჭკუა-გონების, მისი ცოდნის, შესაძლებლობის და უნარის დაზოგვა, კვება და დახმარება.

7.სახასრაკშა ( სახასრარი). ადგილმდებარეობა – თალამუსის მიდამო და ნათხემი. ერთი შეხედვით ჩაკრამი გვახსენებს გადაპირქვავებული ყვავილის თასს, რომლის ფესვის ნაწილში მოთავსებულია ათასი ფურცელი. ისინი რამდენიმე სანტიმეტრით გამოსულია მყარი სხეულიდან. მისი ნათების ფერი – თეთრია. როდესაც ჩაკრამის აქტივობა სუსტია, მისი ნათება იისფერია. იგი თითქოს და ადამინის ორგანიზმის მართვის პულტია. ამ ჩაკრამის მთავარი ამოცანა და ფუნქცია არის ადამიანის სრულყოფის მიღწევა, უმაღლეს არსთან სულიერი შერწყმა. იგი აერთიანებს ადამიანს სამყაროს თანამშრომლებსა და მასწავლებლებთან, იცავს ინდივიდის ცნობიერების და აზრის მთლიანობასა და დაურღვევლობას. აქ იმყოფება  ადამიანის ნებისყოფა და სიძლიერე.

ქვედა სამი ჩაკრამა თავისი მიზნებითა და ფუნქციებით განეკუთვნება გამომჟღავნებულ მატერიალურ სამყაროს. ზედა სამი (5, 6, 7 ) ეკუთვნის სულიერ სამყაროს. მეოთხე ცენტრი წარმოადგენს გამომჟღავნებული და გაუმჟღავნებელი სამყაროებს შორის დამაკავშირებელ რგოლს. გრძნობები და შეგრძნებები მოთავსებულია ამ ჩაკრამში, ანახატაში.

არსებობს აგრეთვე დამატებითი ჩაკრამები. მათ შორის წამყვანად, თავისი მნიშვნელობით, ითვლება აჯანა (აჯნა ) – ტრიკუტი (მესამე თვალი). იგი განთავსებულია შუბლის უბის შუაგულში. აქვს ორი ფურცელი. ის მუდმივად დახურულია. მისი გახსნა შეუძლია მხოლოდ ძალიან ღვთისმოსავ ადამიანს და ისიც მხოლოდ გაცნობიერებული და  შეუპოვარი შრომის შედეგად. ჩაკრამის ნათება მოლურჯო – იასამნის ფერი. იმ შემთხვევაშუ, თუ მეშვიდე ჩაკრამი სუსტი აქტივობისაა, აჯანას ნათების ფერი იცვლება –  იგი  ლურჯი ფერის ხდება.

ეს ჩაკრამი პასუხისმგებელია ნათელმხილველობასა და ინტუიციაზე. ხუთი ქვედა  ლოტოს – კარმენდრიების ფურცლების რიცხვი უდრის 48 – ს. ტრიკუტის ორ ფურცელთან ერთად გარე ფურცლების რაოდენობა უდრის 50-ს. ლოტოსის ფურცლები, თავისი მნიშვნელობითა და როლით, შეესაბამება  რადიოსადგურებზე რადიოსხივების ფოკუსირებისათვის გამოყენებული სფერული ანტენების მექანიზმს.

ფიზიკურ პლანზე კარმენდრიებს შეესაბამება ნერვული წნულები. კარმენდრია არის თავისი ჩაკრამის ღმერთი. იგი ითვისებს თავისი ფუნქციების სათანადო ენერგიებს, მის ნაწილს  ან მას მთლიანად (გარემოებების დინამიკასთან შესაბამისად) და გადასცემს  ცნობიერების სათანადო დონეს. გაშლილი ლოტოს – კარმენდრია, როგორც „კალაგია“ მოწმობს, თავისი სილამაზით საოცარი სანახავია. მაგრამ ლოტოსი იხსნება მხოლოდ მაშინ, როდესაც ამის აუცილებლობა იქმნება. იგი იხსნება, ქმედებას ასრულებს, და, როდესაც ქმედება დამთავრებულია, იგი კვლავ იხურება. ფურცლები ამ დროს ცენტრისკენ იხვევა. სულიერი მზერით შეიძლება ვიხილოთ თუ, როგორ ხსნის ლოტოსი ფურცლებს, რათა მიიღოს ენერგია ან უკუაგდოს მტრის ცეცხლოვანი მახვილი.

ჩაკრამი ტრიალებს სამშვინველის სივრცეში. ჩაკრამის ირგვლივ კონცენტრირდება ბრწყინავი პრანა და სვასტის სხივები. აქ ხორციელდება ტერმინალის ურთიერთობა ნაგთან ( მყარი სხეულის მენტალთან). ნებისყოფაც კონცენტრირდება ჩაკრამის ირგვლივ და გააჩნია უნარი ჩაიდინოს ჯადოსნური, მაგიური ქმედება. არსებობენ კიდევ შიდა ლოტოსები, ჩაკრავარდინები, კოსმოსის ლოტოსი, კოსმოსის ბაღი, ლოტოსის ბაღი, სუშუმნა, ხარანიერბეხახი, გადამღობი ქსელი და სხვა.

როდესაც ვსაუბრობთ ადამიანის რთულ შემადგენლობაზე, შეუძლებელია არ ვახსენოთ ე.წ. თასი და არ გავიცნოთ იგი. „ თასი არ არის რაიმე პირობითი სიმბოლო ან პოეტური სახე. თასი ნამდვილად არსებობს“ – ნათქვამია „კალაგიაში“. იგი განლაგებულია გულმკერდში (ასტრალურ სხეულში). ჩაკრავარდინი, ლოტოსი – კარმენდრია და ჩაკრამი ანახატა ამ თასში მდებარეობენ. მისი ცენტრიდან გამოიტყორცნება იისფერი ცეცხლოვანი სხივი. მას ეხვევა და ადის ზემოთ მოოქროსფერო – მეწამური სპირალი. იგი ერთმანეთთან აერთებს მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე ცენტრებს და თავის ტვინის ორ ნახევარსფეროს (შეერთება ხორციელდება კოჟრიან სხეულში). თალამუსიდან გამოდის გარე სპირალი, რომელიც მოძრაობს ზურგის ტვინის გასწვრივ და ირგვლივ და   ჩაედინება ძირს თასში.

ადამიანსჭეშმარიტად უღირს  იშრომოს მიზანმიმართულად და  გახსნას თავისი სულიერი ხედვა, რათა თვითონვე იხილოს  ეს, თასის ფუნქციონირებასთან  დაკავშირებული, საოცარი სურათი, იმ არანაკლებად ხატოვან მოვლენებთან ერთად, რომლებიც თან სდევენ ზემოთ მოყვანილი ადამიანის რთული წარმონაქმნების და კონსტრუქციების მოქმედებას. და ამის მიღწევა სრულიად შესაძლებელია ყველასთვის, ვინც ცხოვრობს სამყაროს კანონების შესატყვისად, მისწრაფებულია უმაღლესი არსებებთან გაერთიანებისაკენ და ვინც ფლობს  მაღალ ცნობიერებას.

უკვე კარგათდაა ცნობილი ამ მიზნის მისაღწევად არსებული მეთოდები. ისინი აღწერილია ბევრ წიგნში, მათ შორის (და არსობრივად) „კალაგიაში“. საჭიროა მხოლოდ მოვინდომოთ და ხელიდან არ გაუშვათ სულიერი სრულყოფისა და შიდა ხედვის ორგანოს – სივრცული  თვალის შეძენის ეს შესაძლებლობა. და ეს კიდევ არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც ადამიანს პარალელურად მიეცემა შიდა ზრდის პროცესის, მისი გარდაქმნის და გასულიერების მიმდინარეობისას.

რაციონალურად მიგვაჩნია, რათა ყოველი საღად მოაზროვნე ადამიანი ოდნავ მაინც გაერკვეს ყოველივე ამ სიბრძნეში, რომელიც უმაღლესმა სამყარომ, მრავალი საუკუნეების მანძილზე დუმილის შემდეგ, როგორც იქნა გაუმხილა კაცობრიობას.

(გაგრძელება იქნება).

ოფელია ლომაია.

ადამიანის შემადგენლობის და სტრუქტურის შესახებ (გაგრძელება 1)

არსებობს ადამიანის ოკულტური ანატომიისადმი მიძღვნილი არაერთი ნაშრომი. ძველი სამყაროს ეკლესიის ყველა მსახური  ანატომი იყო და აღიარებდა, რომ ბუნების ყველა ფუნქცია მინიატურულად ასახულია ადამიანის სხეულში. ადამიანი არის სამყაროს მოდელი. ადამიანი და სამყარო წარმოადგენს კოსმოსის ერთიან სტრუქტურას. ეგვიპტეს დიდმა ნახევარ – ღმერთმა  ჰერმესმა შემდეგნაირად განმარტა ანალოგიის კანონი: „ ის, რაც მაღლაა, იმის მსგავსია, რაც დაბლაა,  და ის, რაც დაბლაა,  მსგავსია იმისა, რაც მაღლაა.“ დოქტორი პაპიუსი ასე ამთავრებს თავის ნაშრომს: „ ადამიანის ოკულტური ანატომია“: „ ადამიანი არის სამება, რომელიც სინთეზირებულია სასწაულებრივ ერთიანობაში: …ფიზიკური სხეული, სამშვინველი და სული.“

თანამედროვე ეპოქაში დედამიწაზე შემოდის სულ უფრო მეტი ცოდნა, რომელიც ადრე არ ეძლეოდა ადამიანს (იმალებოდა ადამიანისგან), რადგან იგი იყო სრულიად მოუმზადებელი (გონივრულად და ფსიქოლოგიურად), და ეს ხელს უშლიდა მას ამ უაღრესად საჭირო ცოდნის მიღებაში და გამოყენებაში თავის პირად ცხოვრებაში.

დღევანდელ სინამდვილეში არსებული მრავალრიცხოვანი ლიტერატურა ცხადყობს და ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ადამიანის ფიზიკური სხეულის სტრუქტურაში არსებობს რიგი სხვადასხვა წმინდამატერიალური სხეული, მრავალი ენერგეტიკული ცენტრი, არხი, მერიდიანი და მასში მოქმედი სხვა მნიშვნელოვანი სისტემა.

 სამყაროსა და ადამიანზე  (მის შემადგენლობაზე, მატერიალურ – ენერგეტიკულ და სულიერ წყობაზე ) ცოდნის სისავსით  განსაკუთრებულად გამოირჩევა წიგნი „კალაგია“, რომელიც გამოქვეყნდა 1992 წელს.

ადამიანის მიერ ამ ცოდნის ათვისებას და მის ქმედებით გამოყენებას პრაქტიკაში შეუძლია ძირ-ფესვიანად შეცვალოს მისი საკრალური შემადგენლობის ხარისხი, რის შედეგადაც შეიცვლება მისი სიცოცხლის ხარისხი, მისი ბედისწერა დედამიწაზე და უსასრულო სივრცის სხვა არეებში. იგი შეიძენს უკვდავებას და მარადიულ სიცოცხლეს. ეს კი წარმოადგენს სიცოცხლის უსასრულო ნაკადში ახლად დაბადებების, გასხეულებების, ახალ განსახიერებების და განსხეულებების აუცილებელ პირობას. ამავდროულად შენარჩუნებული იქნება ადამიანის პირადი ცნობიერების უწყვეტლობა.

ყოველივე ადამიანს, რომელსაც აზროვნების უნარი გააჩნია, შესაძლებლობა აქვს მიზნად დაისახოს მისწრაფება ადამიანისა და სამყაროს შესახებ ცოდნის  გაფართოებისაკენ და მიღებული ცნობები გამოიყენოს პირადი სულიერი ზრდისათვის. ჭეშმარიტი ცოდნა და სწორი მოქმედება ხელს უწყობს უკვდავების მიღწევას.

როგორც უკვე აღინიშნა ზემოთ, სამყაროსა და ადამიანზე  „კალაგიაში“ მოყვანილი ცნობები დიდად აფართოებს და ავსებს  ადამიანების ცოდნას  თავისი რთული სტრუქტურის შესახებ. ამ მასალის გააზრებას და ათვისებას ესაჭიოება სერიოზული შრომა და დიდი დრო. მაგრამ მკითხველის მცდელობა აუცილებლად იქნება ანაზღაურებული მიღწეული შედეგებით და მათი ნაყოფით. შესაძლოა ზოგიერთისთვის ბევრი რამ ამ წიგნში იყოს ახალი და უცნობი. მასში ბევრი ისეთი ტერმინია, რომელიც ჩვეულებრივ ლიტერატურაში იშვიათად გვხვდება.

იმისათვის, რომ გავიადვილოდ ქვემოთ მოყვანილი მასალის ათვისება , რეკომენდირებულია  წინასწარ კარგად გავეცნოთ ამ ტერმინების მნიშვნელობას, გავარკვიოთ და დავიმახსოვროთ თუ რა განსხვავებაა ამ ტერმინებით აღნიშნულ ორგანოთა და მათ მიერ შესასრულებულ ფუნქციათა შორის. ესენია: ლოგოსი, მონადა, არსი, სამშვინველი, ანგელოზი, სერაფიმი, ქერუბიმი, მენტალი, ასტრალი, ტარა, ტერმინალი და სხვა.

ლოგოსი – არის ძალა, სახელად დემიურგი, ინფორმაციულ – ენერგეტიკული სფერო, უმაღლესის (შემოქმედის) თანამშრომელი, კოსმოსის ადამიანი. აქვს ცნობიერების ერთი დონე. წარმოადგენს ცეცხლისა და სინათლის პირველ გრანულაციას. (გრანულაცია – ეს არის კოშტად, გრანულებად შემკვრივება). ლოგოსი – უსქესო, პრინციპულად არა ობიექტირებადი არსებაა. მან ყველაფერი იცის. ლოგოსის ძლევამოსილება წარმოადგენს საიდუმლოს, რომელიც ადამიანს გამოუმჟღავნდება მხოლოდ იმის შემდეგ, როდესაც იგი დაადგება სულიერი ზრდის გზას. ამ გზაზე მისი განვითარების გარკვეულ პერიოოდში, ლოგოსი ერთვება ადამიანს თავისი ცნობიერებით, მისი მასწავლებელი ხდება.

მონადა (ატმანი) – ინფორმაციითა და ცეცხლით შევსებული ენერგეტიკული კაფსული, რომელშიც სულის მარცვალი იმყოფება მძინარე ( ჯერ კიდევ არ გამოღვიძებულ) მდგომარეობაში. ეს ჰოლოგრამაა, წმინდა მატერიალური სამყაროს ადამიანის იდეა, ქრისტიანების გაგებით ცის ანგელოზი. მონადას, დამოუკიდებლად  არსებების კლასისა, გააჩნია ცნობიერების ორი დონე და ადამიანში ყოფნისას იძენს მესამეს. კარგად განვითარებული ადამიანის მონადას და სულს აქვს შვიდი სხეული – გარსი: ტერმინალი (მყარი სხეული), ტარა (ეთერული სხეული), ასტრალი,  მენტალი,  სამშვინველი,  სულის მდებარეობის სხეული, სულის მდგომარების სხეული.

ამათგან სამი პირველი (ტერმინალი, ტარა, ასტრალი) წარმოადგენს ადამიანის მატერიალურ ნაწილს – ტანტრას. ოთხი პირველი (ტერმინალი, ტარა, ასტრალი, მენტალი) წარმოადგენს მის მომაკვდავ, წარმავალ ნაწილს. სამი უმაღლესი საწყისი (სამშვინველი და ორი სულის სხეული), რომელსაც უმაღლეს ტრიადას უწოდებენ, არის ადამიანის ბუნების ნაწილი, რომელიც არ კვდება. იგი –  უკვდავი ინდივიდუალობაა.  იგი ინახება ( ერთი და იგივეა) ადამიანის ყველა გასხეულებისას.

როგორც „კალაგია“- შია განმარტებული, ბუნებაში არსებობს მატერიის სამი ფორმა: პირველადი (ყველაზე წმინდა), მეორადი და მესამეული (ყველაზე უხეში). არსებობს კიდევ მისი ორი სახეობა: ცნობიერება (ტანუმახატი ან ტანუ) და აზრი (ნაგუატმა ან ნაგი). დაუბრუნდეთ განვითარებული ადამიანის მონადის და სულის შვიდი სხეულის განხილვას.

1.ტერმინალი – ადამიანის მკვრივი სხეული. შედგება მესამეულ (უხეშ) მატერიისაგან. იგი არის ყველა შეგრძნებების გამტარი. არის შემსრულებელი. 2. ტარა – წმინდამატერიალური, ეთერული სხეული. შედგება მეორად (ნაკლებად უხეშ ) მატერიისაგან. ქმნის და წარმართავს კავშირს მყარი სხეულის ფიზიკურ ნაწილაკთა შორის. სასიცოცხლო ძალის – პრანას გამტარია. განაგებს მეხსიერებას, ინახავს ინფორმაციას. აზროვნების იარაღია, მაგრამ არ არის მისი შემოქმედი. აზროვნება – სულის პრეროგატივაა, რომელიც გამორიცხავს ალტერნატივას. 3. ასტრალი – ცეცხლოვანი სხეულია. შედგება პირველადი ( ყველაზე წმინდა ) მატერიისაგან. პასუხისმგებელია გრძნობებზე და ცნობიერების მთლიანობაზე. წარმოადგენს გადამცემ ინსტანციას ადამიანის უმაღლეს საწყისსა – თვით მოაზროვნეს (სულსა) და მის ფიზიკურ ტვინს შორის. მასში განლაგებულია ცეცხლოვანი ცენტრები: ჩაკრამები, კარმენდრია – ლოტოსები. ჩაკრამების შუაგულში გადის ვერცხლის ძაფი.

სულიერად არაგანვითარებული ადამიანის ასტრალური სხეული წარმოადგენს ღრუბლოვან არამკაფიოთ გამოხატულ დაბალი ტიპის ასტრალურ მასას. მისი შეფერილობა ფერმკრთალი ელფერისაა. საშუალოდ განვითარებული ადამიანის ასტრალური სხეული უფრო მნიშვნელოვანი ზომისაა. მასში არსებული  წმინდა ნაწილაკები ანიჭებენ მას განათებულის შესახედაობას. ადამიანში უმაღლესი ემოციების გაჩენა იწვევს მასში ფერების მშვენიერ ციმციმს. „ბორბლები“ მასში უკვე მკაფიოდ მოჩანან, თუმცა ისინი ჯერ არ ტრიალებენ.

სულიერად განვითარებულ ადამიანში ასტრალური სხეული შედგება ასტრალური მატერიის წმინდათა წმინდა ნაწილაკებისაგან და წარმოადგენს მშვენიერ სანახაობას თავისი ბრწყინვალებითა და შეფერილობით. დედამიწაზე არნახული ელფერები ჩნდება მასში სუფთა და კეთილშობილი აზრების გავლენის შედეგად. „ბორბლების„ ტრიალი უმაღლესი ცენტრების მუშაობაზე მიუთითებს.

  1. მენტალი – წარმოადგენს ნაგის (აზრის) ფორმას. განსჭვალავს ტერმინალს, ტარას და ასტრალს. შეუძლია მიიღოს ნებისმიერი მოხაზულობა. ეს – ადამიანის ინტელექტუალური საწყისია. იგი განასახიერებს მის პიროვნებას. მენტალური სხეულის წყობა არაჩვეულებრივად ფაქიზია. იგი – შედგება უმაღლესი სფეროს მატერიისაგან. ( როგორც ვიცით, ნაგი – მატერიის დამოუკიდებელი სახეა. მატერიის სხვა განსაკუთრებულ სახეს წარმოადგენს ცნობიერება – ტანუ). ეს – ჰოლოგრამაა, მაგრამ ყველაზე უფრო ფაქიზი. იგი ატარებს სრულიად კოსმიური აზრის პრანასა და სვასწის (სასიცოცხლო ძალასა და ბრწყინვალებას ). მოუხელთებელია არა მხოლოდ ფიზიკური ხედვისთვის , არამედ ასტრალურისთვისთვისაც; იგი მუდმივ  მოძრაობაშია, მუდმივ ჟღერაშია და სინათლის ნაირსახოვან ელფერის მუდმივ ლივლივში. იგი ვითარდება პიროვნების აზრებისა და წარმოსახვების განწმენდის გზით,  მისი ყველა წარმოდგენების დახვეწის გზით. იგი ოვალური ფორმისაა და იზრდება მოცულობით იმისდა მიხედვით, თუ როგორ ვითარდება და ფართოვდება ადამიანის ცნობიერება.

განუვითარებელი ადამიანის მენტალური სხეული მცირე ზომისაა. სხვისი აზრები, რომლითაც უმეტესობა კმაყოფილდება, მას არ ანვითარებენ; იგი ვითარდება იდეებისა და ცნებების შიდა გარდაქმნის გზით. აზროვნების აქტიური პროცესი, განთავისუფლებული ცუდი ვნებებისგან და კეთილშობილურ საქმეებისკენ მიმართული, სრულიად აიძულებს ჩვენს მენტალურ სხეულს გაზრდას. მაღალგანვითარებული ადამიანის  ეს სხეული წარმოადგენს შესანიშნავ სანახაობას -ნაზი და კაშკაშა სინათლის სხვადასხვა ელფერს, რომელიც სწრაფად პულსირებს.

მენტალური სხეულის შემადგენლობაში შედის: სამშვინველი, ანგელოზი, ქერუბივი, სერაფიმი. სამშვინველი  არ იფარგლება მხოლოდ მენტალური  სხეულით, როგორც გარსით. იგი განსჭვალავს მონადის სხვა სხეულებს (პირველ სამს:  მკვრივს, ეთერულს და ასტრალურს), ახორციელებს კავშირს მათ შორის, და აგრეთვე აკავშირებს ყოველივე მათგანს მენტალური სხეულის მთელ სტრუქტურასთან. იცავს მათ ჰომეოსტაზს (ახდენს მის აკუმულირებას თავის თავში) და ამით იცავს არსის სიცოცხლეს.

სამშვინველი და ცნობიერება დუბლირებს და ავსებს, თანამშრომლობს, შედის მჭიდრო კავშირში, მაგრამ არ ერწყმინ ერთმანეთს. სამშვინველი თავისი შემადგენლობით ავსებს აზრს და ამის შემწეობით სული იხილავს და ანვითარებს მას. სამშვინველი ადამიანში შეიძლება გადიდდეს ან შემცირდეს. ეს დამოკიდებულია მის მიერ განხორციელებულ საქმეებზე. სამშვინველი არის სივრცე, რომელიც ხორცს ასხავს სიცოცხლეს მიუხედავად ადამიანში მუდმივად მიმდინარე ცვლილებებისა.

ანგელოზი არის აზრი (ნაგი), შეუძლია მიიღოს ნებისმიერი ფორმა და მოხაზულობა. გადის ყველა სხეულში – მონადის ყველა გარსში,  აღწევს ლოგოსსა და სულამდე, შეერთებულია კოსმიურ აზრთან. მისთვის არ არსებობს ზღუდე, დაბრკოლება და მანძილი. შეუძლია გაჩნდეს ნებისმიერ ადგილზე დროის დაკარგვის გარეშე; შეუძლია გაჩნდეს ბევრ სხვადასხვა ადგილას ერთდროულად, ისე, რომ არ შემცირდეს ზომით. ანგელოზი – პრანაა. ხერუბიმი არის ბრწყინვალება (სვასტი),  ავსებს პრანას; აგრილებს, ასუბუქებს, გადაადგილებს ყველაფერს, მათ შორის პრანასაც. სერაფიმი თვითონ ავსებს ანგელოზს, განსჭვალავს ყველაფერს (იქ, სადაც ადგილი არა აქვს სისაძაგლეს). ეს – პრანაა, ბრწყინვალება. შედის ჰაერის ოზონის (ვიანა) და წყლის იონის (აპანა) შემადგენლობაში. ეს  სასიცოცხლო ძალაა, სასიცოცხლო ენერგია, სიცოცხლის სუნთქვა, აზრის მოძრაობა, მზის ენერგია.

სულიერად განვითარებული ადამიანის სამშვინველი არ არის თავისი მენტალური სხეულის ნაწილი. იგი არის სრულიად დამოუკიდებელი ერთეული. იგი ახორციელებს ჰარმონიულ კავშირს ტანტრასა და მენტალის სტრუქტურებს შორის. სამშვინველის მნიშვნელოვან ფუნქციას წარმოადგენს ადამიანის ტანტრის და მენტალური გარსის ჰომეოსტაზის შენარჩუნება. სამშვინველი – განვითარებული ადამიანის მონადის და სულის მეხუთე სხეულია.

  1. სულის მდებარეობის სხეული – მისი ცოდნაა. მისი ბრძანებით იქმნება სხეული, რომელიც უზრუნველყოფს სიცოცხლის უწყვეტლობას. ცოდნის სხეული არის ნებისყოფის ცენტრი.
  2. სულის სრულყოფილი სხეული მისი მდგომარეობის სხეულია. ეს არის სულის პირველი გამოხატულება, მისი ცნობიერება.

არსი – ეს არის განვითარებული მონადა – ინფორმაციითა და ცეცხლით შევსებული ენერგეტიკული კაფსულა, გამოღვიძებული სულით (განვითარებული სულის მარცვლით).

 „მაგრამ ადამიანი არ არის მისი სხეულები“- გვახსენებს უმაღლესი შემოქმედი. „ ისინი მოგვეცა ადამიანის თვითრეალიზაციისათვის, როგორც ქმნილების შემოქმედთან ერთიანობის იდეა. ადამიანი არ არის ასევე არსებული სულის არსება. იგი არის მხოლოდ მისი  სივრცული ცხოვრების ინდივიდუალობის გამოვლინება. კერძოთ ადამიანი არის უმაღლესის ჩანაფიქრის სული. მას გააჩნია პლასტიკური და გასაოცარი გარეგნობა.“ ადამიანს შეუძლია იხილოს თავისი თავი, თუ გამოვა თავისი სხეულების ფარგლებს გარეთ – მკვრივი სხეულის საზღვრებს გარეთ, როდესაც ეთერული და ცეცხლოვანი სხეულები რჩებიან მკვრივ სხეულში.

კოსმოსის ყველა ძალა და ძლიერება, რომლითაც ხორციელდება სიცოცხლე სამყაროში, თავმოყრილია ყოველივე ადამიანში, ოღონდ ეს ყველაფერი იმყოფება პოტენციურ მდგომარეობაში. მეტიც, იგი არის კოსმიური ენერგიის კონდენსატორი და ტრანსმუტატორი. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც იმყოფება არსებობის ფიზიკურ პლანზე, მონაწილეობს ფაქიზი სამყაროს ცხოვრებაში, მაგრამ ეს ისე ხორციელდება, რომ ტერმინალის ცნობიერებამ არ იცის ამის შესახებ არაფერი. ადამიანის მკვრივი სხეული ამ დროს დედამიწაზე  მშვიდ ძილში იმყოფება.

იმის მიხედვით, თუ როგორია ადამიანის კულტურული და სულიერი განვითარების დონე, იგი მეტ-ნაკლებად მონაწილეობს ყოფიერების საერთო ცხოვრებაში. მაგრამ ინდივიდი, რომელმაც თავის თავში განავითარა სულიერი ძალები, ცეცხლოვანი სამყაროს ცხოვრებაშიც კი ცნობიერად მონაწილეობს. ფიზიკურ სხეულში დაბრუნებისას მას ახსოვს ყველაფერი, რაც იქ აკეთა და იმოქმედა.

ადამიანის ცხოვრების მიზანია მარადიული მოძრაობა – წინსვლა, მარადიული სრულყოფა და უმაღლეს შემოქმედთან  სულიერ ერთობაში შესვლა. ადამიანს ამისათვის საჭირო ყველა შესაძლებლობა გააჩნია. ამ ყველაფრის მიღწევის მნიშვნელოვან საშუალებას წარმოადგენს ადამიანში არსებული უმაღლესი ცნობიერების ცენტრები. როდესაც ინდივიდში არსებობს ჭეშმარიტებისკენ, სინათლესა და ცოდნისაკენ მისწრაფება, ეს ცენტრები ცეცხლოვანი ენერგიით ინთება და თანდათანობით გარდაიქმნება უმაღლესი ენერგიების მიმღებად. ეს კი  მიწიერი ადამიანის უდიდესი გამარჯვებაა.

(გაგრძელება იქნება)

ოფელია ლომაია.

ადამიანის შემადგენლობისა და სტრუქტურის შესახებ

კაცობრიობის მიერ შექმნილი კულტურა ცხადყოფს, რომ ადამიანი ყოველთვის მიისწრაფოდა ბედნიერი ცხოვრებისაკენ და მუდმივად ეძებდა მისი მიღწევის გზებს. ,,კალაგია“ და საღმრთო წერილები გვასწავლის, რომ ადამიანის ბედნიერი ცხოვრების წინაპირობა – მისი სულიერი წინსვლაა. მაგრამ, როგორი ცხოვრებით უნდა მივაღწიოთ ამას, რანაირი მოქმედებებით და რა საშუალებებით? ეს რომ კარგად გავიგოთ და სათანადოდ ვიმოქმედოთ, ამისათვის პირველ რიგში ალბათ საჭირო იქნება ვეცადოთ შევიძინოთ ცოდნა ჩვენი შემადგენლობისა და სტრუქტურის , ჩვენში არსებული ყველა მნიშვნელოვანი რგოლის ფუნქციისა და შესაძლებლობების შესახებ და შეგვეძლოს მათი სწორი გამოყენება.

ბიბლიაში ნათქვამია: „ …შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი“(დაბად. 27). მაგრამ ადამიანისთვის ადვილი არ არის შეიცნოს ღმერთი, რათა მასთან ანალოგიით შეიცნოს თავი თვისი. თუმცა ბიბლიაში ესეც წერია : „არ არსებობს დაფარული, რომ არ გამოჩნდეს და არც რა საიდუმლო, რომ არ გამჟღავნდეს“.(მათ. 10.26) ამგვარად, ადამიანს უკიდურესად ესაჭიროება ცოდნა თავის შესახებ, რადგან არცოდნა ხშირად ხდება სავალალო შედეგის მომტანი , უარყოფითად აისახება მის ბედისწერაზე. ამიტომ არ იყო შემთხვევითი, რომ უკვე ძველთაძველი დროის სიღრმეში ხელდასმულთა, ბრძენთა და ქურუმთა წრეში გაჩნდა მოწოდება: ,,შეიცანი თავი შენი და შეიცნობ ღმერთს“. მაგრამ შეუძლია კი თუნდაც ადამიანის ტვინს, მიუხედავად თავისი სასწაულთან მიახლოვებული სრულყოფილებისა, სრულად შეისწავლოს თუნდაც თავისი თავი?

მეცნიერები აღიარებენ, რომ იგი არ ექვემდებარება ამომწურავ შესწავლას. თავის ტვინის ფუნქციები და მისი ინტეგრალური მოქმედების შიდა მექანიზმები ჯერ არ არის ბოლომდე გამორკვეული. რაღა უნდა ითქვას იმ მრავალ სისტემაზე, წარმონაქმნზე, არხსა და მერიდიანზე, გამოსხივების წყაროსა და მიმღებზე, იმ  ცეცხლოვან ცენტრებსა და სტრუქტურებზე, რომლებიც განუწყვეტლივ მოქმედებენ ადამიანში, მის უხილავ წმინდამატერიალურ სხეულებში. შესაძლებელია კი, რომ ადამიანმა შეაღწიოს მათი ფუნქციონირების, ურთიერთქმედების საიდუმლოებებში, იდუმალებით მოცულ მოვლენებში, რომლებიც ალბათ მხოლოდ ნაწილობრივ შეიძლება აღიწეროს თანამედროვე ფიზიკის ურთულესი თეორიებით ( ველების კვანტური თეორიით, ტალღური ველების და ტალღური პროცესების თეორიებით, ზემაღალი სიხშირის ელექტრომაგნიტური გამოსხივების თეორიით და სხვა)? შესაძლებელია ისინი შეისწავლოს და აღწეროს მეცნიერებამ ახლო მომავალში, როდესაც ადამიანი შეძლებს შექმნას სულიერი ხელსაწყოები და ახალი, ჯერ არარსებული თეორიები.

ჯერ კიდევ მეფე დავითი ( XI ს. ჩ.წ.ა) საუბრობდა ადამიანის მოწყობის საოცრებაზე: ,,გადიდებ შენ იმისათვის, რომ მე საოცრად ვარ მოწყობილი, საოცარია შენი საქმეები და ჩემი სული სრულად აცნობიერებს ამას (ფსალმ.138,14).  ცოდნა ადამიანის სხეულის რთულ შემადგენლობაზე არსებობდა უკვე ძველ საუკუნეებში. იგი გადაეცემოდა მასწავლებლისგან მოსწავლეს ზეპირსიტყვიერებით, მოგვიანებით კი ასახვა ჰპოვა ძველი აღმოსავლეთის რელიგიურ- ფილოსოფიურ ნაწარმოებებში. ეს ცოდნა დიდხანს იმყოფებოდა საიდუმლო, დაფარული ცოდნის სტატუსში, თუმცა ცივილიზაციისა და კულტურის განვითარებასთან ერთად იგი უფრო ხელმისაწვდომი გახდა ადამიანების ფართო წრისათვის, რომელიც დაინტერესებული იყო ადამიანისა და სამყაროს შესახებ თავისი ცოდნის გაფართოებით და გაღრმავებით.

არსებული ცნობების შევსება ახალი ცოდნით შესაძლებელია ხდებოდა ინტროსპექტიული ხედვის მქონე ინდივიდების   მეშვეობით, რომელთა გარკვეული რაოდენობა ყოველთვის ცხოვრობდა დედამიწაზე , კერძოდ იმ დროიდან, როცა ადამიანმა შეიძინა ცნობიერება და გახდა მოაზროვნე არსება.

ადამიანის მიერ ჭეშმარიტების სწავლის პროცესში უმაღლესი არსებების ჩარევის ფაქტი სულ უფრო აშკარა ხდება. ძნელია დარწმუნებით იმის თქმა, რომ ჩვენ როდისმე შევძლებდით დამოუკიდებლად ჩვენი თავის შემეცნებას ცოდნის იმ ხარისხითაც, რომელსაც დღეს ვფლობთ, თუ არა სხვა სამყაროს ინდივიდებისგან გამოწვდილი დახმარების ხელი,რომლის მეშვეობით სულიერად განვითარებული ადამიანები იღებდნენ გარკვეულ ინფორმაციას მათი სხეულის სულიერ შემადგენლობაზე  და  თავიანთი უნარებისა და საშუალებების შესახებ.

ოკულტურ ლიტერატურაში დაფიქსირებული და შენახულია უამრავი შემთხვევა, როდესაც ადამიანის ცნობიერებამ გაარღვია ტრანსფიზიკური სივრცე და შეიჭრა მის სიღრმეებში. ხშირად უხილავი რეალობა თვითონ შემოიჭრებოდა ადამიანის ცნობიერებაში და ტოვებდა იქ თავის ღრმა ნაკვალევს. ადამიანი იღებდა ეგრეთწოდებულ ,,რელიგიურ გამოცდილებას“, რომელიც ეხმარებოდა მას განვითარების სწორ გზაზე დადგომასა და მთელი შემდგომი ცხოვრების მანძილზე მასზე დამაჯერებელ სვლაში.

თანამედროვე სამეცნიერო სამყარომ უკვე დაიწყო ზემოთ მოყვანილი ფაქტების რეალობად აღიარება. სხვა სამყაროებიდან ინფორმაციის მიღების შემთხვევებს, რომლებიც აუწყებს კაცობრიობას წარსულში მომხდარი ან მომავალში მოსალოდნელი მოვლენების, სამყაროს საიდუმლოებების შესახებ, მეცნიერები უწოდებენ ადამიანის ,,ცნობიერების გასვლას მსოფლიო მონაცემთა ბანკში ან ინფორმაციულ ველში“.

არსებობს აგრეთვე აზრი, რომ დედამიწაზე სამეცნიერო სამყაროში შემუშავებული ყველა დიდი იდეა და თეორია გაჩნდა არა მეცნიერთა მკაცრი ლოგიკურ-განსჯითი მოღვაწეობის, არამედ ზეშთაგონების, ინტუიციის, გონების გაბრწყინებისა და წინასწარი ჭვრეტის გზით.

დიდად სამწუხაროა, რომ პირადი გამოცდილების არქონის გამო, რწმუნებანი ჭეშმარიტების დადგენის ზემოთ ჩამოთვლილი გზების შესახებ  აღიქმება უნდობლად და უარყობითი წინასწარ განწყობით. ამ მიზეზით კაცობრიობის უმეტესი ნაწილი არ აღიარებს ბუნებაში სიღრმისეული მოვლენებისა და სამყაროს ფარული კანონების არსებობას.

და მაინც, ბევრ გონიერ და სულიერად განვითარებულ ადამიანს არ ეპარება ეჭვი იმ აზრის სისწორეში, რომ ადამიანის ცნობიერების გაფართოება სამყაროსა და მასში მოქმედ კანონებზე, ადამიანზე, მისი ცხოვრების ძირითად დანიშნულებაზე, სამყაროს ხილულ და უხილავ ბინადართა შესახებ, უკიდურესად აუცილებელია კაცობრიობის კულტურის შემდგომი პროგრესის,მისი გასულიერებისა და დედამიწაზე ცივილიზაციის შენარჩუნებისათვის.

მრავალი საუკუნეების მანძილზე კაცობრიობის სულიერად და გონებრივად განვითარებული ნაწილის გულმოდგინე მცდელობით, რათა ჩაწვდეს ჭეშმარიტ ცოდნას ადამიანის შესახებ და უმაღლესი სამყაროების არაერთგზისი დახმარებისა (სამყაროს საიდუმლოებათა ეტაპობრივი გახსნით), მიღწეულ იქნა ის შედეგი, რომ ადამიანმა დღეს უკვე იცის ბევრი რამ თავის შემადგენლობისა და სასწაულებრივი უნარების შესახებ. იცის, რომ გარდა თავისი ხილული მყარი სხეულისა (რომელიც მეცნიერებმა საკმაო წარმატებით შეისწავლეს), მასში არსებობენ რიგი წმინდამატერიალური და სულიერი სხეულები ან „პრინციპები“, როგორც მათ მახატმები უწოდებენ. მათ გააჩნიათ ურთიერთკავშირთა სპეციფიკური თვისებები, მრავალსახეობრივი ფუნქციები და მოქმედების პროგრამები.

ადამიანი – დედამიწის მკვიდრი – ურთულესი, გენიალურად მოწყობილი არსებაა, რომელსაც გააჩნია ფაქიზად და გონივრულად მოფიქრებული მრავალრიცხოვანი და მრავალნაირი საკრალური ორგაოების იერარქია თავის მვრივ სხეულში: ლოგოსი, მონადა, ღვთიური არსი, წმინდამატერიალური სხეულები, საქმიანი შემოქმედი სხივების და ენერგეტიკული ველების გენერატორები, მიმღებები და გადამცემლები და კიდევ ბევრი სხვა რამ, რაც მეცნიერებას ჯერ შესწავლილი არა აქვს.

მასში ბევრია უმნიშნელოვანესი ენერგეტიკული ცენტრები, არხები, მერიდიანები და ქსელები. ყველა მათგანი ასრულებს მნიშვნელოვან საქმეს – აკისრია მნიშვნელოვანი როლი ადამიანის ცხოვრებასა  და შემოქმედებაში. პროცესები, რომლებიც მიმდინარეობს თვითოეულ მათგანში, ექვემდებარება გარკვეულ, მხოლოდ მათთვის დამახასიათებელ კანონზომიერებას. მრავალსახოვანია მათი მოქმედება და გააზრებულია ამ მოქმედების შედეგები.

ყველამ კარგად უნდა გაიაზროს ის ფაქტი,  რომ დედამიწაზე, ცივილიზირებულ და პროგრესირებულ საზოგადოებაში დიდად დაფასებული ვერცერთი ადამიანის მიერ შექმნილი შედევრი ვერ შეედრება უმაღლესი  შემოქმედის მიერ შექმნილ საოცრებებს. ასეთ საოცრებას წარმოადგენს პირველ რიგში „ბუნების გვირგვინი“ – ადამიანი.

ეზოთერულ ლიტერატურაში არაერთხელ გამოქვეყნდა საინტერესო ცნობები ადამიანის საკრალური შემადგენლობის, მისი უნარების და შესაძლებლობების შესახებ, მაგრამ ოაიციალურმა მეცნიერებამ ვერ მიიღო ისინი, როგორც სინამდვილის ამსახველი ფაქტები, თავისი წამყვანი პრინციპების გამო  ( რადგან მათი ჭეშმარიტება ექსპერიმენტებით ვერ დასტურდებოდა).

მეცნიერებამ, თავისი ბრწყინვალე მიღწევებით კვლევების მრავალ დარგში, დიდი პროგრესით ტექნიკაში და ცივილიპაციის განვითარებაში, მოიპოვა დიდი ავტორიტეტი და ნდობა დედამიწის მოსახლეობაში. ამიტომ, მის მიერ არ აღიარებულმა ეზოთერულმა ცოდნამ ადამიანის შესახებ არ ჰპოვა საკმარისად ფართო გავრცელება, თუმცა ეს ცოდნა იყო და არის დიდათ  მნიშვნელოვანი ადამიანისათვის, მის სულიერ ზრდისათვის. როგორც აქ უკვე არაერთხელ აღინიშნა, ადამიანის ინდივიდუალური განვითარება და სულიერი სრულყოფა  არის უკვდავების და მარადიული  ცხოვრების მიღწევის უტყუარი გარანტი.

ყველა დროსა და ეპოქაში რელიგიის მცოდნენი და ეკლესიის ჭეშმარიტი მსახურნი მოუწოდებდნენ ადამიანებს უმაღლესი შემოქმედის და ღვთიური ძალების  მიმართ პირადი რწმენის გაძლიერებისაკენ, რელიგიურ სწავლებებში და საღმრთო წერილებში არსებული საკრალური ცოდნის ათვისებისაკენ, იქ მოყვანილი ცხოვრების წესებით ცხოვრებისაკენ.

ბუნებრივია, რომ მათი ეს მცდელობები ხელს უწყობდა ადამიანებში სისასტიკის და მათ მიერ ისეთი საქციელის ჩადენის რაოდენობის შემცირებას, რომელიც მომაკვდინებელია პიროვნების სამშვინველისათვის. ადამიანების მიერ  ერთმანეთის და სხვა ცოცხალი არსებების მიმართ ჩადენილი ბოროტებების რაოდენობა კლებულობდა. მაგრამ, როგორც „კალაგია“ გვასწავლის, ადამიანში რწმენის არსებობა – ეს მისი არსის განვითარების, მისი სიღრმისეული საკრალური შემადგენლობის, მხოლოდ ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია, რომელიც ხელს უწყობს მას, რათა მიხვდეს რომ ჰარმონიული თანაარსებობა საზოგადეობის ხვა წევრებთან და მთელ ცოცხალ ბუნებასთან, მისწრაფება უმაღლეს შემოქმედთან  სულიერ გაერთიანებისაკენ, აუცილებელია ადამიანისათვის.

„კალაგიაში“ აგრეთვე მითითებულია იმაზე, რომ ფრიად სასურველია ადამიანში ერთდროულად არსებობდეს მაქსიმალურად განვითარებული კოსმიური ენერგიის შვიდი ასპექტი – ე. წ. „ცეცხლის ენა“: იმედი, რწმენა, სიყვარული, სიხარული,  მისწრაფება, ცოდნა და მოქმედება.

ისინი სჭირდება ადამიანს, რათა მას გაჩნდეს უნარი, შეძლოს და გადალახოს ცხოვრების გზაზე შემხვედრი ყველა დაბრკოლება, ისე, რომ არ დაარღვიოს მსოფლიო ს კანონები – თავისი მოქმედებებით არ შეუწყოს ხელი რთული სიტუაციების წარმოშობას ან  გამწვავებას, რომლებსაც მივყავართ ტრაგედიამდე, კატასტროფამდე და დიდი რაოდენობით ადამიანების ან სხვა ცოცხალი არსებების დაღუპვამდე – დედამიწაზე  ბოროტების რაოდენობის ზრდამდე.

ყველაფერ ზემოთ ნათქვამიდან ბუნებრივად და ლოგიკურად გამომდინარეობს ის დასკვნა, რომ დედამიწის მოსახლეობის დიდ ნაწილში საკუთარი თავის და სამყაროს შესახებ ადამიანისთვის დიდად საჭირო ცოდნის უკმარისობა –  ეს ის ფაქტორია, რომელსაც მივყავართ ძალიან ცუდ შედეგამდე ჩვენი პლანეტის მოსახლეობისთვის.

როგორც ჩანს, საჭირო ცოდნა არასაკმარისი ინტენსიურობით მიეწოდებოდა ადამიანთა მასას და ამიტომ ბოროტების რაოდენობა დედამიწაზე საგრძნობლად პროგრესირებს. როდესაც ჩვენ მივაღწევთ ფიზიკურ და გონივრულ განვითარების ზენიტს, მაგრამ არ გვექნება არავითარი საშუალება, რათა ავმაღლდეთ სულიერი ზრდის ჩვენს ციკლში, ჩვენი პროგრესი ბოროტების მიმართულებით შეჩერებული იქნება ისევე, როგორც ჩვენი წინაპრები – ლემურიელები და ატლანტები იყვნენ შეჩერებული თავის ამდაგვარ პროგრესში, დედამიწაზე საშინელი კატაკლიზმური ცვლილებებით.

ბუნებაში არსებობს  სამგვარი (სულიერი, გონებრივი და ფიზიკური)  ევოლუციის პროგრამა და იგი უთუოდ უნდა იყოს განხორციელებული. გამოსავალი ზნეობრივ – ეკოლოგიური კრიზისიდან, რომელიც კაცობრიობას დაღუპვით ემუქრება, არსებობს. აღნიშნულ მდგომარეობიდან გამოსვლის ერთ – ერთი უტყუარი გზაა – დაჩქარებული ტემპით ადამიანის ცნობიერების სრულყოფა, ცხოვრების მომხმარებლური ორიენტირების სულიერით შეცვლა და ყოფიერებაში ზნეობრივი კანონების დაცვა.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ ცნობიერების გაფართოებისა და გამთლიანებისაკენ მისწრაფება ყველა ადამიანის უპირველეს ამოცანათ უნდა იქცეს. ეს კი შეუძლებელია ჩვეს ახლობელ გარემოს, აგრეთვე შორეული სივრცეების, უხილავი სამყაროების, და საკუთარი საკრალური შემადგენლობის შესახებ ცოდნის გაფართოების და ადამიანის მთელი მატერიალური ნაწილის გასულიერების გარეშე.

ადამიანი დიდი ენერგიების მფლობელია. უდიდესია მათი გავლენა დედამიწაზე და კოსმოსში მიმდინარე პროცესებზე. აბსოლუტურად დაუშვებელია ამ ენერგიების გამოყენება გარემოს საზარალოდ, რადგან ამას მივყავართ დედამიწაზე და მთელ სამყაროში ბოროტების რაოდენობის ზრდისაკენ, მის სწრაფ პროგრესისაკენ. ამიტომ ყველა  საღად მოაზროვნე ადამიანის ვალია მოინდომოს, ეცადოს და შეძლოს თავისი ცოდნის გაფართოება სამყაროების, მათში არსებული ძალების და ენერგიების, მათი განუსაზღვრელი უნარების და შესაძლებლობების შესახებ. აუცილებელია რათა ადამიანის მიერ შეძენილი ცოდნა იყოს ჭეშმარიტი,  რადგან მხოლოდ  იგი წარმოადგენს ადამიანის სწორი მოქმედების (რომელიც ანვითარებს მის ინდივიდუალობას) გარანტს.

(გაგრძელება იქნება)

ოფელია ლომაია